ქართული პრესის მიმოხილვა 29.01.2021

რუსი ჯარისკაცის ჩვენებაზეა დამოკიდებული ზაზა გახელაძეს 12-20 წლით ჩასვამენ თუ საერთოდ გამოუშვებენ
გახდება თუ არა კარტოგრაფების გირაოთი გათავისუფლება ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის მიზეზი
შექმნიან ალტერნატიულ პარლამენტს, შეიძლება ალტერნატიული მთავრობაც დაამტკიცონ - იგორ კვესელავა ოპოზიციის გეგმებზე
* * *
რუსი ჯარისკაცის ჩვენებაზეა დამოკიდებული ზაზა გახელაძეს 12-20 წლით ჩასვამენ თუ საერთოდ გამოუშვებენ
“რუსი ჯარისკაცის ჩვენებაზე იქნება დამოკიდებული ცხინვალის იზოლატორში უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ბედი. გახელაძის საქმეზე ცხინვალში ე.წ. სასამართლოს სხდომა დასრულდა. საოკუპაციო რეჟიმი გადაწყვეტილებას 5 თებერვალს გამოაცხადებს. ხუთშაბათს ჩვენება უნდა მიეცა ერთ-ერთ ჯარისკაცს, რომლის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაშიც ზაზა გახელაძეს ადანაშაულებენ. ეს ჩვენება შესაძლოა ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების გარანტი გახდეს. მან წინა პროცესზე მიცემული ჩვენებით დაამტკიცა, რომ გახელაძე უდანაშაულოა და მას სასაზღვრო პატრულისთვის ცეცხლი არ გაუხსნია. ამიტომაც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები იმედოვნებენ, რომ ქართველ ტყვეს ბრალი შეუმსუბუქდება და არ არის გამორიცხული, სადავო მხოლოდ ე.წ. საზღვრის კვეთა დარჩეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რუსი ჯარისკაცის ჩვენებაზეა დამოკიდებული ზაზა გახელაძეს 12-20 წლით ჩასვამენ თუ საერთოდ გამოუშვებენ.
“შესაძლებელია რუსმა ჯარისკაცმა გაიმეოროს და დაადასტუროს თავისი წინა ჩვენება, სადაც ამბობს, რომ გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია, რაც შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ ყველაზე მძიმე ბრალდება, რომელიც ითვალისწინებს 12-დან 20 წლამდე პატიმრობას, რუსი ჯარისკაცის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, განეიტრალდეს და მხოლოდ დარჩეს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდება”, - ამბობს “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი დავით ქაცარავა ოჯახი კი აცხადებს, რომ ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება ზაზა გახელაძის გათავისუფლება იქნება. ის ამ პერიოდის განმავლობაში სამარტოვო საკანში იმყოფებოდა და მისი როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ოჯახს იმედი აქვს, რომ ჯარისკაცი იგივე ჩვენებას ამ სასამართლოზეც გაიმეორებს და გახელაძე მძიმე სასჯელს გადაურჩება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“დაახლოებით სამი თვე მარტო იმყოფებოდა საკანში და ეს ახალგაზრდა კაცისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია. ოჯახის ერთადერთი სურვილია ზაზა დაუბრუნდეს. დე ფაქტო ხელისუფლებაც ალბათ, ამას გაითვალისწინებს და მალე დაუბრუნებს ოჯახს. არ ვიცით დღეს რაზე იყო საუბარი და სასამართლო რას შეეხებოდა, იმედს არ ვკარგავთ დაბრუნების. უცნობია საბოლოო განაჩენი რა იქნება. რუსმა ოფიცერმა თქვა, რომ ნასროლი გამიზნული არ იყო და ეს ცვლის გარემოებებს. ამიტომ 5 თებერვალს ველით, რომ ე.წ. სასამართლო მას ამ მძიმე მუხლს მოუხსნის”, - განაცხადა ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. ტყვეობიდან მის დახსნას საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ახერხებს”, - დასძენს გამოცემა.
გახდება თუ არა კარტოგრაფების გირაოთი გათავისუფლება ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის მიზეზი
“თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეუცვალა. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. ბრალდების მხარის არგუმენტი იყო ის, რომ საგამოძიებო ქმედებები ყველა მიმართულებით ამოწურულია და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს. პროკურატურა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის 30-ათასიან გირაოს და საგამოძიებო უწყების გარეშე, ქვეყნის დატოვების აკრძალვას ითხოვდა. მელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის ბრალდებას არ ეთანხმება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გახდება თუ არა კარტოგრაფების გირაოთი გათავისუფლება ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლის მიზეზი.
“რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით სრულად არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი. ამ ეტაპისთვის მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას. ჩვენ ბრალდებულების ქმედების აღიარება ვიდეო-აუდიო მტკიცებულებებით მოვიპოვეთ, რაც ნიშნავს, რომ ბრალდებულები თავისუფლებაში ყოფნის პირობებში დაელოდებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ პროცესში ვიქნებით საკმაოდ პრინციპულები”, - განაცხადა საქმის პროკურორმა. საზღვრის დემარკაციის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციაში და ხელისუფლებაში კარტოგრაფების გირაოთი გათავისუფლებას სხვადასხვაგვარად განიხილავენ. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს არის ერთგვარი ვაჭრობა, რომელიც ახლა “ოცნებას” რიგი პარტიების პარლამენტში შესაყვანად სჭირდება. არაა გამორიცხული, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ “მოქალაქეებმა” პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღოს. მეცნიერების გათავისუფლებას ასევე დადებითად “გირჩში” მიიჩნევენ და ამბობენ, რომ მოლაპარაკების პროცესში ეს წინ გადადგმული ნაბიჯია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მგონია, კარგი ჟესტია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ მოლაპარაკების პროცესში, რომ შეიცვალოს ან განიმუხტოს სიტუაცია”, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ. “მოქალაქეები” უკვე დიდი ხანია პირდაპირ ამბობენ, რომ პარლამენტში შესვლისთვის მზად არიან და ამისთვის აუცილებელი სულაც არ არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. ლევან იოსელიანი აცხადებდა, რომ პარლამენტში შევლენ სამი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო სისტემის რეფორმა, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმა. “კარტოგრაფების საქმეზე” იქნება დამოკიდებული “ქართულ ოცნებასთან” პირისპირ მოლაპარაკების პერსპექტივებიც”, - ამბობს იოსელიანი. “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი კი კარტოგრაფების გათავისუფლებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა”, - განაგრძობს გამოცემა.
“ვულოცავ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის ოჯახის წევრებს და პირადად მათ გათავისუფლებას! ძალიან, ძალიან გახარებული ვარ! საძაგლობაა, როდესაც სახელმწიფო ტყუილუბრალოდ აპატიმრებს ადამიანებს, მაგრამ კარგია, რომ “ქართული ოცნება” გონს მოეგო და ისინი გაათავისუფლა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი! დიახაც, მოლაპარაკებამ გამოიღო შედეგი და ეს არის კარგი. ეს არის ნაბიჯი მოლაპარაკების გაგრძელებისთვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენისთვის! იშვიათად ვყოფილვარ დღევანდელივით გახარებული!” - წერს ელისაშვილი სოციალურ ქსელში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ მელაშვილი-ილიჩოვას გათავისუფლება შესაძლებელია ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პარლამენტში შესვლის საბაბად გამოიყენოს. ელენე ხოშტარია კი აცხადებს, რომ მიუღებელია საუბარი პოლიტპატიმრების გათავისუფლების საპირწონედ ოპოზიციის პარლამენტში შესვლაზე. ეს დაუშვებელ პრეცედენტს შექმნის, რაც გულისხმობს ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობას საკუთარი პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად”, - დასძენს გამოცემა.
“პრინციპული საკითხი შესვლა-არშესვლა კი არ არის, პრინციპული საკითხია ქვეყანაში არ იყოს პოლიტიკური დევნა და ტყვეები არ იყვნენ ციხეში. პოლიტიკური ჯიბრით კი არ ვამბობ ამას, თქვენ წარმოიდგინეთ სიტუაცია - თუ ეს დამკვიდრდა, რომ “ქართული ოცნება” ვაჭრობს ადამიანებით და საკუთარი პოლიტიკური ამოცანებით. საკუთარი პოლიტიკური ამოცანაა დღეს პარლამენტში ოპოზიციის შეყვანა. ქვეყნის ამოცანაა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, “ქართული ოცნების” ამოცანა არის შეყვანა ადამიანების პარლამენტში. თუ ამ ამოცანისთვის დავამკვიდრებთ, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე ვიღაცას დაიჭერენ. და კიდევ იმაზე უნდა ვივაჭროთ? ეს სრულიად დაუშვებელია. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, გიორგი რურუას ჩათვლით, შექმნის სივრცეს, რომ პოლიტიკური პროცესი მიუახლოვდეს რაღაცას და დაიწყოს სერიოზული ლაპარაკი სიტუაციის განმუხტვაზე. ამიტომ, აბსოლუტურად მიუღებელია ლაპარაკი ხალხის გამოშვების საფუძველზე ვინმეს სადმე შესვლაზე”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რომლის თქმით, “გამოშვება არის პრინციპული სკითხი, თუმცა ამაზე ვაჭრობას არავინ არ აპირებს”, - წერს სტატიის ავტორი.
შექმნიან ალტერნატიულ პარლამენტს, შეიძლება ალტერნატიული მთავრობაც დაამტკიცონ - იგორ კვესელავა ოპოზიციის გეგმებზე
“რა გეგმით იმოქმედებს ოპოზიცია საპარლამენტო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ? ეს კითხვა ბევრს აწუხებს ქვეყანაში - განსაკუთრებით ოპოზიციის მხარდამჭერებს. მათი სამომავლო გეგმა შეიძლება იყოს ის, რომ შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, სადაც აირჩევენ თავმჯდომარეს, მერე შეიძლება მთავრობაც შექმნან და დაიწყებენ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის, აცხადებს “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა. ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების პროცედურა უკვე დაიწყო და პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი 49 ოპოზიციური დეპუტატისთვის მანდატების გაუქმების საკითხს განიხილავს. ოპოზიცია კი ხელისუფლებას მოუწოდებს, უფლებამოსილება დროულად შეუწყვიტოს. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს “პატრიოტთა ალიანსიდან” შესული 4 დეპუტატი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შექმნიან ალტერნატიულ პარლამენტს, შეიძლება ალტერნატიული მთავრობაც დაამტკიცონ - იგორ კვესელავა ოპოზიციის გეგმებზე.
“როგორც “ოცნებაში” აცხადებენ, ამ საკითხთან მიმართებაში გუნდში განსხვავებული აზრები არსებობს, მაგრამ უმრავლესობის განწყობაა, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყდეთ. “ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით თავისუფალ კენჭისყრაზე საუბარი არ მიმდინარეობს. გუნდური გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კენჭისყრის წინ ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, თუმცა ვერავის მივცემთ იმის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება. როგორც ჩანს ძალიან ნერვიულობენ ოპოზიციაში. თუ ნერვიულობენ, გაიტანონ განცხადებები და აქედან გამომდინარე გარანტია ექნებათ, რომ არ შეუწყდებათ უფლებამოსილება”, - აცხადებს უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე. იმ შემთხვევაში, თუ 2 თებერვალს, ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდება, “ნაციონალურ მოძრაობაში” არ გამორიცხავენ, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართონ. როგორც პოლიტოლოგი იგორ კვესელავა აცხადებს, კრიტიკულ სიტუაციაში “ოცნებას” ყოველთვის აქვს უნარი იმოქმედოს ისე, რომ მისი პოლიტიკური მიზნები არ დაზარალდეს, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზეც იგივე ტაქტიკით იმოქმედოს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ერთია ინფორმაცია და მეორე არის ანალიზი. მე, როგორც პოლიტოლოგი და პოლიტიკასთან ახლოს მდგომი ადამიანი, ანალიზს ასეთ გავაკეთებდი: ოპოზიციას აქვს თავისი გეგმა, თავისი ტაქტიკა და სტრატეგია. ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ხელისუფლებაში და ამისთვის ყველაფერი გააკეთეს, მაგრამ ვერ შეძლეს. დღეის მოცემულობით, მათ არა აქვთ იმის რესურსი, რომ 5 ათასი კაცი მაინც გამოიყვანონ აქციებზე. არა აქვთ მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზეც. ერთადერთი, გამოდიან ტელევიზიით და იქაც ერთმანეთს აგინებენ და ლანძღავენ. ამიტომ მათთვის აზრი არა აქვს პარლამენტში შესვლას. არ გამოვრიცხავ, რომ მათი სამომავლო გეგმა უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ იყოს ის, რომ შექმნან ალტერნატიული პარლამენტი, სადაც შეიკრიბებიან; შალიკოს ფანჩატურში იკრიბებოდნენ და ... აირჩევენ თავმჯდომარეს, მერე შეიძლება მთავრობაც შექმნან და დაიწყებენ ბრძოლას ახალი არჩევნებისთვის”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.
“გამორიცხულია, რომ ხელისუფლება წავიდეს დათმობაზე და დანიშნოს ახალი არჩევნები. როგორც კი ამას გააკეთებს, ხელისუფლება დამთავრებულია. რაც შეეხება ოპოზიციური დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, კრიტიკულ სიტუაციაში “ოცნებას” ყოველთვის ჰქონდა იმის უნარი, რომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მის პოლიტიკურ მიზნებს არ დააზარალებს. უმრავლესობაში არიან საკმარისი პოლიტიკური ცოდნისა და გამოცდილების ადამიანები და ამ შემთხვევაშიც ამ ტაქტიკით იმოქმედებენ - მაგალითად, გაწელონ დრო. სამწუხარო ის არის, რომ ქვეყანაში ქაოსია და უკვე დაიწყო ნაგვის ურნებით ბრძოლა, რაც შემაშფოთებელია და უფრო შემაშფოთებელია, რომ მსგავს საქციელს ზოგიერთები ამართლებენ. ქვეყანაში უნდა დამყარდეს პოლიტიკური წესრიგი. არ შეიძლება ასეთი პოლარიზება, დღეს ჩვენ გვყავს ფაქტიურად ორი პოლიტიკური ძალა - “ქართული ოცნება” და “ნაცმოძრაობა”. ვერც ბოკერია, ვერ ნათელაშვილი, ბურჯანაძე, “გირჩი” და “ლელო” ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, ამიტომ საჭიროა გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კურსი აღებული. ეს ძალა შეიძლება თავად საზოგადოების წიაღშიც გაჩნდეს”, - დასძენს იგორ კვესელავა.

























