ირაკლი ღარიბაშვილი - „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი - „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის

საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ საქართველოში ჩატარება კიდევ ერთხელ არის იმის დემონსტრირება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო უცხოელი პარტნიორებისთვის. ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარლამენტის წევრების შეკითხვების პასუხისას განაცხადა. მან თავდაცვის ძალებში წვრთნებისა და სამხედრო განათლების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„პანდემიის მიუხედავად, ზაფხულში ჩვენს პარტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ ჩავატარეთ. ეს კიდევ ერთხელ ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის, განსაკუთრებით აშშ-სთვისა და ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. გადმოისროლეს ათასზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წვრთნებში. ასევე, ძალიან შთამბეჭდავი იყო რამდენიმე ასეული სამხედრო ჯარისკაცის დესანტირება. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ეს სწავლება ემსახურება თავსებადობის გაზრდას ნატოს წევრ ქვეყნებთან და ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჯარში.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჯარის შიგნით ვახდენთ განათლებაზე აქცენტირებას, არამედ რეალურად, კარი გავხსენით. ბატონი გიორგი ამილახვარი გვესწრება დღეს აქ და თავადაც იყო მონაწილე ამ პროცესის, როდესაც ჩვენ მივმართეთ თხოვნით და ურთიერთგაგების მემორანდუმები გავაფორმეთ უნივერსიტეტებთან. მათაც შეაქვთ წვლილი არა მხოლოდ ჩვენი სამხედროების, არამედ მათი შვილების, ოჯახის წევრების განათლებაში. ვგულისხმობ სწავლის თანადაფინანსებას, 50% - ს კი, თავდაცვის სამინისტრო ფარავს. ასევე, დავაწესეთ მინისტრის სტიპენდია, რომელიც არის კვარტალში 750 ლარის ოდენობით, რაც ერთგვარი მასტიმულირებელი და მოტივაციის მიმცემი შეიძლება იყოს სამხედროების შვილებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ასევე სტრატეგიულ პარტნიორს იმ დახმარებისთვის, რომელსაც ამერიკის მთავრობა უწევს ქართულ ჯარს, მადლობა გადაუხადა.

„მქონდა პატივი, გამეგრძელებინა ეს ხელშეკრულება, გამეფორმებინა სამწლიანი ხელშეკრულება გასული წლის ნოემბრის თვეში, როდესაც აშშ-ში ვიმყოფებოდი. ჩარჩო-ხელშეკრულება მოიცავს რეალურად ჩვენი თავდაცვის ძალებისა და ბატალიონების გადამზადებას, რაც, რა თქმა უნდა, არის წარმატების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-სთან ურთიერთობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ SNGP-ის განახლებული პაკეტი, რომელიც ახლა დეკემბრის თვეში დამტკიცდა, წარმატებით ხორციელდება. მისი საბოლოო მიზანია, თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ქმედითი, კიდევ უფრო მდგრადი და ძლიერი. რაც მთავარია, ჩვენი ქართული ჯარი გახდეს კიდევ უფრო მეტად თავსებადი ნატოსთან. SNGP-ის ფარგლებში ჩამოყალიბებული წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას. მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ სისტემატურად ვცვლით ინფორმაციებს როგორც ნატოს ქვეყნებთან, ბრიუსელის შტაბბინასთან, ასევე ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ პანდემიის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ წვრთნებს და გვაქვს ინტენსიური გაცვლა“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.