რუსთავის მერიაში საკადრო ცვლილება განხორციელდა

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკადრო ცვლილება განხორციელდა. რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მისი მოადგილე გოჩა ლორია, მუშაობას, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოში“ გააგრძელებს, მის პოზიციაზე კი კახა გურული დაინიშნა.
„პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვენელოვანია, ქალაქში და რეგიონში, არა მარტო ახალი ინვესტიციების მოზიდვა, არამედ არსებული საწარმოების პოტენციალისა და სიმძლავრეების შენარჩუნება. გოჩას აქვს ამის გამოცდილება, ის აქტიურ მუშაობას შეუდგება ახალ პოზიციაზე. მერის მოადგილის პოზიციას კი დაიკავებს კახა გურული, რომელსაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავაწლიანი გამოცდილება აქვს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
გოჩა ლორიას განცხადებით, ის კარგად იცნობს რუსთავისა და მთლიანად ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
„რუსთავის მერიაში მუშაობის პერიოდში მებარა ეკონომიკური სფერო და მქონდა ახლო ურთიერთობა ბიზნეს სექტორთან. ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოში, უფრო აქტიურად შევუდგები მუშაობას, იმისათვის, რომ მოხდეს არსებული ბიზნესის შენარჩუნება, განვითარება და იმ სახელმწიფო პროგრამებში ჩართვა, რომელზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს",- განაცხადა ლორიამ.
როგორც რუსთავის მერიაში აღნიშნავენ, გოჩა ლორია რუსთავის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლის ნოემბრიდან იკავებდა. რუსთავის მერის ახალ მოადგილეს კახა გურულს, როგორც თავად აცხადებს, საჯარო სამსახურში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება აქვს, ბოლოს კი საქართველოს მთავარი პროკურატურის ეკონომიკურ დეპარტამენტში მუშაობდა.
„რუსთავის მერიაში მუშაობა ჩემთვის არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. სიმართლე გითხრათ, გამოწვევაც სერიოზული გახლავთ. ვიმედოვნებ, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის ოცდახუთწლიანი გამოცდილება, საშუალებას მომცემს თანამშრომლებთან და გუნდთან ერთად, არსებული სერვისების განვითარებას მივაქციოთ მეტი ყურადღება, მეტი პროგრამები დავნერგოთ და განვახორციელოთ ქალაქში, ამ მძიმე პანდემიით გამოწვეულ პერიოდში. ამ თანამდებობაზე მუშაობის შემოთავაზება არის ერთგვარი შანსი ჩემთვის, მივიღო მონაწილეობა რუსთავის განვითარებაში“, - განაცხადა კახა გურულმა.

























