ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ბრალს არ აღიარებს

ადვოკატის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ბრალს არ აღიარებს

ფოთში დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ასლან ვაშაყმაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. იგი ცოტახნის წინ ადვოკატმა მოინახულა.

ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ მას არანაირი თავდასხმა სამართალდამცველებზე არ განუხორციელებია და აღნიშნულ ქმედებას არ აღიარებს. მისივე თქმით, ვაშაყმაძეს ბრალს ხვალ ან ზეგ წარუდგენენ და პირველი სასამართლო სხდომა ფოთის საქალაქო სასამართლოში გაიმართება, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

„ინფორმაცია ჯერჯერობით მწირი გვაქვს საქმესთან დაკავშირებით, ვინაიდან, ის დღესდღეობით დაკავებულია და ბრალი არ არის წაყენებული. საქმის მასალები ჩვენ ჯერ არ გადმოგვცემია, მაგრამ ვიცით, რომ თბილისის საქალაქო სამმართველოში აღძრულია საქმე 239-ე პრიმა მუხლით, რაც არის მუქარისკენ მოწოდება. ამბობენ, რომ სოციალურ ქსელში იყო განთავსებული მისი ჩანაწერი. ის იმყოფებოდა ფოთში, თავისი ნათესავის ოჯახში და პოლიცია განმარტავს, რომ ჩვენ გვინდოდა უწყების ჩაბარება მხოლოდ, რომ აღნიშნული პიროვნება გამოცხადებულიყო თბილისში, ქალაქის სამმართველოში და მოახდინა ჩვენზე თავდასხმა. გამომდინარე აქედან, თბილისში დაწყებულია საქმის წარმოება, 239-ე პრიმა მუხლით, ხოლო ფოთში, როგორც პოლიცია განმარტავს, პოლიციის თანამშრომელზე განხორციელებული თავდასხმის გამო, დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე 253-ე პრიმა მუხლით, ეს მათი განმარტებით, ხოლო რეალურად ჩვენ ვერკვევით ახლა რა მოხდა და როგორ მოხდა. ფაქტიურად გვაქვს ინფორმაცია, რომ არანაირი თავდასხმა მას არ განუხორციელებია და თავისთავად ისიც არ აღიარებს აღნიშნულ დანაშაულს. ვიდეო მიმართვასთან დაკავშირებით კი მან მოიხადა ბოდიში და გააქრო სოციალური ქსელიდან ეს ჩანაწერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რატომღაც მაინც დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა თბილისში“, - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა ზაურ კინტირაიამ.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ასლან ვაშაყმაძე, რომელმაც ვიდეომიმართვისას მოქალაქეებს სამართალდამცავებზე ძალადობისკენ მოუწოდა, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე დააკავეს.