რუსთავში, ე.წ. ახალგაზრდობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ე.წ. ახალგაზრდობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის მერიიდან აცნობეს, რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
,,ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მნიშვნელოვანია, ცოტა ხნის წინ, ქალაქს დაუმტკიცდა ატმოსფერული ჰაერის მართვის გეგმა, სწორედ ამ გეგმის ერთ-ერთი კომპონენტია, ახალი რეკრეაციული სივრცეებისა და სკვერების მოწყობა. ფალიაშვილის სკვერის რეაბილიტაციის პროექტი აქტიურად მიმდინარეობს, ამ პროცესში ჩართულები არიან სამოქალაქო აქტივისტები, ის ადამიანები, რომლებმაც უშუალოდ კონცეფციის შემუშავებაში მიიღეს მონაწილეობა. პროექტი ერთი თვის წინ დაიწყო და ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც გვექნება კიდევ ერთი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სკვერი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩაზე, სამ ჰექტარზე მეტ სივრცეზე გაშლილ რეკრეაციულ სივრცეში, სპორტული და გასართობი მოედნები, მოსასვენებელი ადგილები, სველი წერტილები, სასმელი წყლის შადრევნები, სასეირნო ბილიკები და მწვანე საფარი მოეწყობა. პროექტით გათვალისწინებულია სპეციალური სივრცე შინაური ცხოველებისთვისაც. 1 654 439 ლარის ღირებულების პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, პროექტი 240 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს. წელიწადნახევრის განმავლობაში, რუსთავში უკვე მეხუთე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დღეისათვის დასრულებულია ზვიად გამსახურდიას სახელობის, ე.წ. ჩიკაგოს სკვერების კეთილმოწყობა, ასევე კოსტავას გამზირისა და გიორგი ლეონიძის სახელობის მრავალფუნქციური სკვერის რეაბილიტაცია.

























