ბათუმში, ნავთობტერმინალთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, ნავთობტერმინალთან გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ცეცხლი ეკიდა საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ნავთობტერმინალთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 11 ეკიპაჟი.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, აფეთქების ფაქტი არ დადასტურდა. ცეცხლი ეკიდა საწვავმზიდი შემადგენლობის ერთ-ერთ ვაგონს. ოპერატიული მუშაობის შედეგად, რამდენიმე წუთში მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება და მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს ცეცხლის სხვა ვაგონებზე გავრცელების საშიშროების აღკვეთა.
ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























