„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი - ფოთში გაყალბებული არჩევნების „გაპრავება“ხდება

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა „ნაცმოძრაობისა" და ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, რაც ოლქში ხდება არის წინასწარ დადგმული სპექტაკლი.
„რაც ახლა ხდება ოლქში, ეს არის სრული ფარსი და წინასწარ დადგმული სპექტაკლი. მე მივმართე კომისიის წევრებს გადაეხედათ თავიანთი გადაწყვეტილებისთვის და არ მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არის ქართველი ხალხის ნების გამოხატვის საწინააღმდეგო. როგორც მე ვნახე არ აპირებდა არავინ ამის გათვალისწინებას და პროტესტის ნიშნად დავტოვე სხდომა. ახლა ხდება ფოთში გაყალბებული არჩევნების „გაპრავება“ , - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით ხომერიკმა.
ცნობისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიები დღეს ბოლო სხდომებს მართავენ. სხდომებზე კომისიები კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებენ და პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებულ მონაცემებს შემაჯამებელ ოქმებში შეიტანენ. ამით საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის შედეგების დასაჯამებლად განკუთვნილი ვადა ეწურებათ.

























