ზუგდიდში საოლქო კომისიასთან, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, პოლიციაა მობილიზებული

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები ერთ საათზე მეტია საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, არ ცნობენ საპარლამენტო არჩვენების შედეგს და აღნიშნავენ, რომ ზუგდიდში საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა არჩევნები გააყალბა. ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, საოლქო კომისიის შენობასთან პროტესტის ნიშნად პლაკატების გაკვრა სურთ, რის საშუალებასაც მათ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები არ აძლევენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, თუ პოლიცია მათ პლაკატის გაკვრის საშუალებას არ მისცემს, ისინი საპროტესტო აქციებს მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ.
„მინდა პოლიციელებს მივმართო, თუ ისინი შენობასთან მისვლის საშუალებას და პლაკატების გაკვრის ნებას არ დაგვრთავენ, ჩვენ არ დავიშლებით და ვიქნებით აქ მთელი ღამის განმავლობაში. შენობაში შესვლის საშუალება გვაქვს, რადგან მე და ბართლომე შელია ვართ საკრებულოს წევრები, საოლქო კომისიის შენობასთან მისვლის და შესვლის უფლებაც გვაქვს, თუმცა პოლიციას დავალება აქვს, რომ ჩვენ არ შეგვიშვან“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „მონა“.

























