ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე - 91 საჩივარი განვიხილეთ, 5 ნოემბერს ერთი უბნის გადათვლა მოხდება

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა დასრულდა. როგორც ოლქის თავმჯდომარე ციალა შავაძე აცხადებს, საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებს უკავშირდებოდა.
საოლქოს თავმჯდომარის განცხადებით, ის საარჩევნო უბნებზე წარმოქმნილ ხარვეზებს პანდემიას უკავშირებს.
ციალა შავაძე ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან, საოლქო კომისიის სხდომის დატოვებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ.
"ვიღაცას რაღაც ინტერესები შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ კომისიამ გადაწყვეტილება მიუკერძოებლად უნდა მიიღოს და არა ვიღაცის ინტერესების გათვალისწინებით. ჩემს საუბნო საარჩევნო კომისიებს ვენდობი, ტექნიკური ხარვეზები, რაც ჰქონდათ დაშვებული, შესაძლოა, ბევრი პირობით იყოს განპირობებული. მაგალითად: პანდემიამ მუშაობაში ძალიან შეგვიშალა ხელი, რადგან ჩვენი დატრენინგებული კომისიის წევრთა 80 პროცენტი საუბნო კომისიებში აღარ იყვნენ, წინა დღეებში კომისიის წევრები შეიცვალნენ და ძალიან ბევრს კოვიდინფექცია დაუდასტურდა და ამანაც მოახდინა უბნების მუშაობაზე გავლენა, ასეთი ძალიან ბევრი იყო. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათი ნებაა, ვინც დატოვა სხდომა, მათ გარკვეული პოლიტიკური ინტერესები აქვთ", - განაცხადა ციალა შავაძემ.
მისივე თქმით, ერთი უბნის გადათვლა ხვალ მოხდება.
"სულ 91 საჩივარი განვიხილეთ, ხვალ ერთი უბნის გადათვლა მოხდება. საარჩევნო უბნებზე შეცდომების დაშვება განაპირობა იმან, რომ კომისიის წევრები წნეხის ქვეშ იყვნენ",- აღნიშნა შავაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ აცხადებენ, რომ საოლქო კომისია არაადეკვატურად მუშაობს, რაზეც უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
იხილეთ ვიდეო: ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ 91 საჩივრის განხილვა დაასრულა

























