ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2020

ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2020

“ვინც სიტყვას გატეხს, იქნება მოღალატე” - ვინ აწერს ხელს “ნაცმოძრაობის” დოკუმენტს და ვინ არა

კახა კუკავა - “ჯერ უნდა მოვიშოროთ „ნაცმოძრაობა”, მერე ბიძინა”

ჩაღლარის დაწესებულებებზე შეტევა გრძელდება – დახურეს კიდევ ერთი სკოლა, ამჟამად რუსთავში

* * *

“ვინც სიტყვას გატეხს, იქნება მოღალატე” - ვინ აწერს ხელს “ნაცმოძრაობის” დოკუმენტს და ვინ არა

“ნიკა მელიას ინიციატივას, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილი ამბობს, რომ მზად არის ხელი მოაწეროს დეკლარაციას, რომლის თანამხადაც ისინი უარს იტყვიან “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაზე, მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ მათ პოზიციას დეკლარაციაზე ხელის მოწერით გამყარება არ სჭირდება. ისედაც უარზე არიან მმართველ გუნდის მხარდაჭერაზე. ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ლეიბორისტების ოფისში იკრიბებოდნენ, ინიციატივას მხარს უპირობოდ უჭერენ. დეკლარაციაზე ხელისმოწერის მზაობას გამოთქვამს გიორგი ვაშაძის “სტრატეგია აღმაშენებელი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ვინც სიტყვას გატეხს, იქნება მოღალატე” - ვინ აწერს ხელს “ნაცმოძრაობის” დოკუმენტს და ვინ არა.

“ეს დეკლარაცია გახლავთ ოპოზიციის საერთო შეთანხმების მიხედვით შედგენილი, შესაბამისად თუ ოპოზიციის სრული მხარდაჭერა ექნება ხელს მოვაწერთ. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგნი ვიყავით “ოცნებასთან” კოალიციის, შესაბამისად ნებისმიერ შემთხვევაში “სტრატეგია აღმაშენებელი” მხარს უჭერს ამ მემორანდუმს. გიორგი ვაშაძის პოზიცია არის შემდეგი, თუ ეს მემორანდუმი გაფორმდება, ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელი” ხელს მოვაწერთ, რომ “ქართულ ოცნებასთან” კოალიციაში არ შევალთ”, - ამბობს პარტიის პრესამსახურის წარმომადგენელი. “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით, ეს ინიციატივა “ევროპულ საქართველოსაც”ჰქონდა და ლეიბორისტების ოფისში შეკრებილი ოპოზიციური ერთობა მზადაა ხელი მოაწეროს შეთანხმებას. დეკლარაციაზე ხელს მოაწერს ასევე, “ლელოც”, პარტიის დამფუძნებელი, თავმჯდომარე და საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძის თქმით “ლელო” მხარს უჭერს ამ ინიციატივას და თავის მხრივ ეს ინიციატივა ძალიან კარგია ქვეყნის განვითარებისთვის და სპეკულაციების შესაჩერებლად”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობთ ჩვენ. ჯერ კიდევ შარშან ეს ინიციატივა საჯაროდ დავაყენეთ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების დაპირება გასცა. მაშინ ბევრმა პარტიამ გამოთქვა მზადყოფნა ამასთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ახლაც ჩვენ ვართ იმ პოლიტიკური პროცესების ავანგარდში, ვინც ასეთი პოლიტიკური შეთანხმების მომხრეები არიან და რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა დაუჭერს მხარს ამ ინიციატივას, მით უფრო კარგია. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ოპოზიციური ძალა, რომელიც ჩვენთან ერთად იკრიბება, ამ შეთანხმებას ხელს მოაწერს და თუ ვინმე არ მოაწერს, მაშინ პირდაპირ იტყვის, რომ მზადაა ხელი შეუწყოს ივანიშვილის დიდხანს დარჩენას ხელისუფლებაში და მხარს უჭერს ივანიშვილის მმართველობას”, - აცხადებს სერგი კაპანაძე. “მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება ასეთი დეკლარაციის შედგენა და მასზე ხელისმოწერა. ამით გამოირიცხება სპეკულაციები იმაზე, ვინ აპირებს შექმნას კოალიცია “ოცნებასთან”. მიგვაჩნია, რომ “ოცნებამ” ამოწურა ხელისუფლებაშ ყოფნის ყველა რესურსი. ამ ინიციატივას ჩვენ მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ”, - გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“დეკლარაციაზე ხელის მოწერას არ აპირებს პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი. მისი თქმით, ის თავის სიტყვას არ გადავა და ამის დასამტკიცებლად მემორანდუმი არ სჭირდება. ასევე უარზეა პარტია “ტრიბუნას” დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე, მისი თქმით “ტრიბუნას” ნათქვამ სიტყვას წონა აქვს და მემორანდუმები მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობას”და მის განაყოფებს” სჭირდება. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, როგორც პარტიაში “რეზონანსს” უთხრეს, არაფერს არ მოაწერენ ხელს “ნაციონალებთან” ერთად, თუმცა არც კოლიცია სურთ. რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ასეთი დეკლარაციები კარგია, რათა არ მოხდეს მოულოდნელი პოლიტიკური სვლები. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პარტია დაარღვევს მემორანდუმს, იქნება მოღალატე და მოსახლეობა მას შესაბამის პასუხს აუცილებლად გასცემს”, - წერს სტატიის ავტორი.

“თუ ვინმეს ოპოზიციაში მართლა რამე უნდა, რაღაც დეკლარაციაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ხალხის დარაზმვაზე და მის პრობლემებზე უნდა ფიქრობდეს. ჩვენ ამ დეკლარაციას და მემორანდუმებს ხელს არ მოვაწერთ, მაგრამ რეალურად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” არჩევნებში დამარცხდეს, ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ხმები დავიცვათ, რეალურად ვიბრძოლებთ ასევე იმისთვის, რომ კოალიცია ვერ შექმნას და არ შევუქმნით. ჩვენი პოლიტიკური სივრცის პრობლემა არის ის, რომ სიტყვას აღარ აქვს ფასი. ჩვენ ჯერჯერობით ჩვენი საჯაროდ ნათქვამი სიტყვისთვის არ გვიღალატია და არ გადაგვიხვევია, ასე ვაპირებთ გაგრძელებას. ჩვენ ვამბობთ სიტყვას, რომ არც ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას" შევუკრავთ კოალიციას და ასევე, თითოეული ხმისთვის ვიბრძოლებთ. ოღონდ ამას ჩვენ რეალური ქმედებით განვახორციელებთ. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანაზე ვდარდობდეთ, რაღაც თავშექცევით არის დაკავებული ოპოზიცია, ამიტომ ასეთ მემორანდუმზე ხელმოწერისთვის დროს არ დავკარგავთ, ხალხზე ვფიქრობთ, თუ ვინმეს აინტერესებს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან ალეკო ელისაშვილი.

“ჩვენ უკვე დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ აბსოლუტურად არავისთან არ ვაპირებთ კოალიციაში შესვლას. საერთოდ მგონია, რომ დეკლარაციებს და მემორანდუმებს მხოლოდ მორალური დატვირთვა აქვს და არანაირი იურიდიული საფუძველი არ გააჩნია. საერთოდ ზოგადად პოლიტიკოსს სიტყვა უნდა ჰქონდეს ისეთი წონადი, რომ ყოველგვარი ხელისმოწერისა და დაფიცების გარეშე იჯერებდნენ. ჩვენ „ტრიბუნაში" ამ სტანდარტს ვუჭერთ მხარს. ზოგადად დღეს ქართულ პოლიტიკაში არც დაპირებებს ასრულებენ, არც ტელევიზიით მიცემულს და არც ხელმოწერილს. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ეს იმ პოლიტიკური ძალებისთვის იქნება საჭირო, რომელსაც ხშირად აქვს თავიანთი პოლიტიკური სიტყვა დარღვეული, “ნაციონალურ მოძრაობას” და მათ განაყოფებს ვგულისხმობ. დადგნენ და მაგათ აწერინონ ხელი”, - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას დავით ჭიჭინაძე.

“უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, რესპუბლიკური პარტია ზუსტად ამ განწყობაზეა. ჩვენ არ ვაპირებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას. მე მგონი ბევრისთვის ეს გასაგებია. მაგრამ ეს დეკლარაცია აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს მოულოდნელი და უცნაური სვლები. იმიტომ, რომ ყველამ ვიცით, პოლიტიკა არ არის მარტივი საქმე და როდესაც ერთს აცხადებს ადამიანი, გულში შეიძლება მეორე ჰქონდეს. ბიძინა ივანიშვილს შეიძლება კვერცხები აქვს ჩადებული სადმე სხვადასხვა კალათში. თუ ვინმე მოღალატეა, ის მაინც გვიღალატებს. პოლიტიკური სახე უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს და ყველამ უნდა იცოდეს, პოლიტიკურად ვინ რას წარმოადგენს. ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამას და აუცილებლად მოვაწერთ ხელს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.

“ეს საერთოდ მოქმედებს ხოლმე, იმიტომ, რომ “სიცრუე და ორპირობა” როგორც გვითხრა რუსთაველმა “ავნებს ხორცსა, მერმე სულსა”, ანუ ჯერ მატერიალურად იგრძნობენ ამას, მერე სულიერად. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკაში სიტყვას აქვს ფასი. ბიძინა ივანიშვილი სულ ამბობს, რომ მე სიტყვის კაცი ვარო, მაგრამ ბოლოს ისეთი სიტყვა გატეხა მთელი მსოფლიო გააგნა. ვინც სიტყვას გატეხს, ის იქნება უბრალოდ მოღალატე. რაც შეეხება მოსახლეობას, ის ყოველთვის ხედავს ღალატს და არა მგონია, რომ მათთვის ეს მოსაწონი იყოს. ზოგ ღალატს ვადა გაუვიდა, ადრე იყო და დაგვავიწყდა, მაგრამ როგორც კი კრიტიკული მომენტი დადგება ყველას, გვახსოვს ვინ ვის უღალატა, რომელ პრინციპებს უღალატა. მე ისეთი რესპუბლიკელებიც მახსოვს, რომლებიც ლიბერალები იყვნენ და ლიბერალური პარტიის შემადგენლობაში იყვნენ და შემდეგ ისეთი ღრმად კონსერვატული აზრები გამოთქვეს, რომ თავის თავს უღალატეს. მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია ცხოვრებაში, ცხოვრება სავსეა არამარტო სიხარულით, არამედ მწუხარებით და ღალატითაც. მაგრამ ის, რომ წინასწარ კეთდება ამის პრევენცია, ეს არის სწორი და ეს აჩვენებს ძალას. ვერავინ ვერ გამოდის და ვერ აცხადებს, რომ ითანამშრომლებს მმართველ პარტიასთან, “პატრიოტთა ალიანსიც” ვერ ამბობს, ისეთი კეთროვანი ხელისუფლება ჩამოგვიყალიბდა, რომ მასთან გაკარება ეშინია ყველას”, - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.

კახა კუკავა - “ჯერ უნდა მოვიშოროთ „ნაცმოძრაობა”, მერე ბიძინა”

“არჩევნებამდე პერიოდში სიახლე არ გვექნება, საინტერესო პროცესები დაიწყება არჩევნების შემდეგ, რასაც ჰქვია ახალი პოლიტიკური ცენტრის ფორმირება. მომავალ პარლამენტში უნდა შეიქმნას კოალიციური ერთობა, რომელიც გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ეს იქნება თვისობრივად ახალი რეალობა”, - აცხადებს, პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ჯერ უნდა მოვიშოროთ „ნაცმოძრაობა”, მერე ბიძინა” - რატომ ფიქრობს კუკავა, რომ “ნაციონალებმა” ბოლო შანსი გაუშვეს.

“ნაციონალური მოძრაობა” კიდევ ერთი ახალი დეკლარაციის ხელმოწერის ინიციატივით გამოდის, რომლის თანხმადაც ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა პირობა უნდა დადონ, რომ მომავალ პარლამენტში არ შექმნიან კოალიციას “ქართულ ოცნებასთან”. “ნაციონალური მოძრაობა” რამდენადაც არ უნდა ეცადოს, ვერ აიღებს პირველ ადგილს, მან გაუშვა თავისი ბოლო შანსი, ის ვერ ჩამოყალიბდა ხელისუფლების ალტერნატივად. “ქართული ოცნება” არის იმ პოზიციაში, რომ ამომრჩეველს ეუბნება, მართალია, მე ვერაფერს ახალს ვერ გთავაზობთ, მაგრამ სხვები უარესია, მოვლენ “ნაცები” და დედას გიტირებენო, რაც რეალობასთან ახლოსაა, რადგან სააკაშვილი ყოველდღე ამბობს, რომ ისევ იქნება ერთპარტიული სისტემა და ოპონენტებს ჩაყრიან ციხეში”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კუკავა.

“ევროპული საქართველოს” წინასაარჩევნო კამპანია უშინაარსო და ყალბია, ისინი ყიდიან კამფეტების “ფანტიკებს”. იგივე შეიძლება ითქვას “ლელოზეც”, მათი წინასაარჩევნო კამპანია აბსოლუტურად უშინაარსოა და არავინ ხმას არ მისცემს, თუ ამ პარტიის წევრი არ არის. ასე რომ, არჩევნების პერიოდში სიახლე არ გვექნება. სუსტები დაიღუპებიან და დაახლოებით 10 პარტია შევა მომავალ პარლამენტში, სადაც გაირკვევა, ვის რამდენი ტყვია აქვს ვაზნაში. საინტერესო პროცესები დაიწყება არჩევნების შემდეგ, რასაც ჰქვია ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა. ჩვენი მიზანია, პარლამენტში შეიქმნას კოალიციური ერთობა, რომელსაც უნდა ჰქონდეს თანამშრომლობის უნარი და შეუძლია ქვეყნის მართვა, ანუ გახდეს ხელისუფლების ალტერნატივა. ეს იქნება თვისობრივად ახალი რეალობა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დღეს ამომრჩეველი ვერ ხედავს ვინ არის მთავრობის ალტერნატივა, ამიტომ მერყევი ამომრჩეველი არჩევნების პირველ ტურში ისევ სახლში დარჩება, მეორე ტურში თუ მოვიდა, რევანშის შიშით ისევთ “ოცნებას” მისცემს ხმას. ოპოზიციაში რომ აცხადებენ, ჯერ ბიძინა მოვიშოროთ და მერე ვილაპარკოთო. მე სულ ვამბობ, რომ ჯერ უნდა მოვიშოროთ “ნაციონალური მოძრაობა” და მერე ბიძინა. ისევ მათ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები ადასტურებს, რომ დღეს ივანიშვილი სააკაშვილს 10:0-ს უგებს, მერე რა მოხდება არ ვიცი, თუ ბიძინამ ბავშვების ჭამა დაიწყო და მიშას ანგელოზის ფრთები ამოუვა," - დასძენს კახა კუკავა.

ჩაღლარის დაწესებულებებზე შეტევა გრძელდება – დახურეს კიდევ ერთი სკოლა, ამჟამად რუსთავში

“მთავრობა თურქეთის ხელისუფლების ზეწოლით ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებზე შეტევას აგრძელებს. ახლახან ავტორიზაცია რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს გაუუქმეს. როგორც სკოლის ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, ეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული მიზანმიმართული კამპანიაა - მისი თქმით, რუსთავის სკოლა-ლიცეუმს აკრედიტაცია 2023 წლამდე ჰქონდა, თუმცა 2020 წლის დასაწყისში დაწესებულებას აკრედიტაცია გაურკვეველი მიზეზებით გაუუქმეს... ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ ქსელში შემავალი კიდევ ერთი, ბათუმის რეფადინ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი 2017 წლის თებერვალში დაიხურა, ამავე წლის აგვისტოში ავტორიზაცია გაუუქმდა თბილისში მოქმედ დემირელის კოლეჯსაც. ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებებს თურქი სასულიერო მოღვაწის, ფეთჰულა გიულენის სახელს უკავშირებენ, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანის ბრალად 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას სდებს. ამის საფუძველზე თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან ასოცირებული ასობით საგანმანათლებლო დაწესებულება დახურა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჩაღლარის დაწესებულებებზე შეტევა გრძელდება – დახურეს კიდევ ერთი სკოლა, ამჟამად რუსთავში.

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რუსთავის სკოლას ავტორიზაცია 2017 წელს აქვს მინიჭებული, რომელიც ძალაში 2023 წლამდე იყო, ანუ სკოლას ზოგადად ექვსწლიანი ავტორიზაცია ენიჭება, ავტორიზაციის ყველა პირობებს აკმაყოფილებდა და საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია შესაბამისად მიიღო. თუმცა 2020 წლის თებერვალში სკოლაში მონიტორინგის ჯგუფი და ექსპერტები შემოვიდნენ, ეს ავტორიზაციის მინიჭების ან გაუქმების მონიტორინგი არაა, თუმცა ამ ექსპერტების დასკვნაში რაღაც მცირედი აბსოლუტურად უმნიშვნელო ხარვეზები ჩაიწერა, რომელიც გამოსწორებას ადვილად ექვემდებარებოდა, მაგალითად, სკოლის საპირფარეშოში ტუალეტის სახელური არ იყო და მსგავსი ასეთი ტექნიკური საკითხები. როდესაც მაისის თვეში უკვე პანდემია და საგანგებო მდგომარეობა იყო, “ზუმის” საშუალებით ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ჩატარდა და ეს სხდომა ძალიან არაობიექტურად არასამართლიანად იყო ჩატარებული, რადგან სკოლის წარმომადგენლებს პოზიციის დაფიქსირების საშუალება საერთოდ არ მიეცათ, ისეთი ფორმატით გაიმართა, რომ ექსპერტებმა თავისი დასკვნა წარმოადგინეს და ავტორიზაციის საბჭომ ყველანაირი დამატებითი შეკითხვების გარეშე და მტკიცებულებების უგულებელყოფის საფუძველზე, სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მარიამ ჩიქოვანი.

“ავტორიზაციის საბჭოს დიდი პრაქტიკა არსებობს, ჩვენ ბოლო წლების პრაქტიკას გავეცანით, ბოლო 3-4 წლის მანძილზე მსგავსი სახის დარღვევებზე თუ ხარვეზებზე (თუ ამას დარღვევებს დავარქმევთ) არც ერთი სკოლისთვის აკრედიტაცია არ გაუუქმებიათ, შეიძლება გამოსწორებისთვის მიეცათ შენიშვნა, რეკომენდაცია, ვადა (ძირითადად 6-თვიანი ვადა) შესაბამისად, სკოლის ფუნქციონირებას ხელს არ უშლიან... ეს სკოლა დაახლოებით 15 წელია არსებობს, ავტორიზაციას ყოველთვის უპრობლემოდ გადიოდა, ქართლის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, მატერიალურ-ტექნიკური-საგანმანათლებლო ბაზით, ამ სკოლაში დიდი პროცენტი ეროვნული უმცირესობებია, ისინი ქართულად სწავლობენ და ქართულ ენას ეუფლებიან, სადღაც 70-მდე პედაგოგია დასაქმებული, ბავშვები კი ალბათ 230-მდეა, ანუ საკმაოდ დიდი, წარმატებული და ფუნქციური სკოლაა, რომელიც წლების მანძილზე მთელი შიდა ქართლის ტერიტორიაზე ფაქტიურად შეუცვლელია. ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ეჭვს გვიჩენს, 2017 წლიდან ჩაღლარის დაწესებულებების მიმართ მიზანმიმართული ანტიპიარკამპანიაა.უკვე სასწავლო წლის დასასრული იყო, ბავშვებმა სწავლა დაასრულეს. თუ სასწავლო წლის დაწყებამდე ეს საკითხი არ გადაწყდა, მაშინ ამ ბავშვებს სხვა სკოლებში გადასვლა მოუწევთ, თუმცა ძალიან ბევრმა ბავშვმა უკვე საბუთების გადატანა დაიწყო”, - განაგრძობს ადვოკატი.

“მასწავლები ძალიან უკმაყოფილოები არიან, რადგან აქ სამუშაო და ანაზღაურების პირობები ძალიან ნორმალური იყო, არის მასწავლებლების ნაწილი, რომელიც ძალიან აქტიურად იბრძვის, სკოლის პოზიციაა, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად სასამართლოში იქნება გასაჩივრებული, ბრძოლას ბოლომდე ნამდვილად აპირებენ. ჩვენ იმედს არ ვკარგავთ იმიტომ, რომ “შავი ზღვის უნივერსიტეტის” შემთხვევაში, ხალხის მხარდაჭერამ, სამართლებრივი პოზიციის სიმყარემ განაპირობა ის, რომ ამ უნივერსიტეტის ავტორიზაცია შევინარჩუნეთ, შესაბამისად ვთვლით, რომ ბრძოლას აზრი აქვს. სკოლის საკითხთან დაკავშირებით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩართული გვყავს, ჩვენი მასალები ასევე სახალხო დამცველის ოფისშიცაა წარმოებაში მიღებული და ამ საქმეში სახალხო დამცველიც ჩაერთვება”, - დასძენს ჩიქოვანი.

“შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, რომელიც ასევე ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეგიონალურ ქსელს წარმოადგენს, 2018 წელს სტუდენთა მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა, უნივერსიტეტი აცხადებდა, რომ გადაწყვეტილება უსამართლო იყო, რადგან უნივერსიტეტის დაწესებულებას 2018 წლის 20 აგვისტოს ავტორიზაცია 6 წლის ვადით მიენიჭა, თუმცა ამავე დროს, საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა. უნივერსიტეტთან დაკავშირებული მოვლენები საზოგადოებაში დიდ ეჭვს ბადებს, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებულია, 2016 წლის 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმისა და სხვა სკოლების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის გამო, აპირებს მიმართოს საქართველოს მთავრობას ამ სკოლების დახურვის მიზნით...”, - წერს სტატიის ავტორი.