ქართული პრესის მიმოხილვა 24.12.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 24.12.2019

ვაშინგტონის მკაცრი გზავნილების მოლოდინში - “აშშ-ს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გაიზრდება”

ემუქრება თუ არა საქართველოს ლტოლვილთა ნაკადი - თურქეთმა ლტოლვილთა ახალი დიდი მასა შესაძლოა ევროპისკენ გაატაროს

***

ვაშინგტონის მკაცრი გზავნილების მოლოდინში - “აშშ-ს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გაიზრდება”

"ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, რაზეც საერთაშორისო პარტნიორები პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ, დასავლეთის მხრიდან მმართველ ძალაზე ზეწოლა და კრიტიკა დღითიდღე იზრდება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი პროგნოზირებს, რომ, როგორი საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში უპირატესობა ოპოზიციურ სპექტრს, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" ენიჭება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვაშინგტონის მკაცრი გზავნილების მოლოდინში - “აშშ-ს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გაიზრდება”

"პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში არსებითი მნიშვენლობა არ აქვს პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება თუ შერეული, პირიქით, - ოპოზიციისთვის უფრო ხელსაყრელია შერეული სისტემა და დიდი ალბათობით, "ქართული ოცნება" ამ არჩევნებში უმრავლესობას ვერ მოიპოვებს. ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის მთავარი გამომწვევი მიზეზი, საერთაშორისო პარტნიორების თვალში, „ქართული ოცნების" მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებაა, რის გამოც ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს ერთდროულად აშშ-მა და ევროპამ. ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად გვესმის მოწოდება პირობის შესრულების შესახებ, თუმცა, მმართველი გუნდი ჯერჯერობით დათმობაზე წასვლას არ გეგმავს. გაერთიანებულმა ოპოზიციამ კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა, ამჯერად ეპიცენტი ბათუმი იყო. 22 დეკემბერს გამართული მიტინგის შემდეგ, ოპოზიციამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები დროებით შეჩერდება და ახალი წლის შემდეგ განახლდება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რიგით მესამე შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მხარეთა შორის მოლაპარაკება იანვრის თვეში განახლდება”, - აღნიშნავს გამოცემა

"ოპოზიცია „ქართული ოცნების" შემოთავაზებას არ იღებს, რომლის მიხედვითაც, ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს, რომელშიც 100 დეპუტატს პროპორციული წესით, 50-ს კი მაჟორიტარული წესით აირჩევენ. ოპოზიცია მმართველ გუნდს საყოველთაო დაუმორჩილებლობას უცხადებს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ 20 დეკემბერს შეხვედრის დასრულების შემდეგ „რეზონანსს" უთხრა, ხელისუფლებას განკითხვის დღეს მოუწყობენ. საკმაოდ მცირე დროში, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე მნიშვნელოვან პროცესს ჰქონდა ადგილი. ამერიკული გამოცემის სარედაქციო საბჭომ საქართველოს შესახებ 20 დეკემბერს სტატია გამოაქვეყნა, სადაც ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია შეფასებული და საკმაოდ მწვავედ არის გაკრიტიკებული პარტია „ქართული ოცნება" და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი”, - განაგრძობს გამოცემა.

"უნდა აღინიშნოს კონგრესმენების წერილიც, სადაც საქართველოს მთავრობის მეთაურის კრიტიკა ისმის. ისინი შეშფოთებას ვერ მალავენ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების გამო და ხაზს უსვამენ, რომ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება. „აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება დათმობაზე არ მიდის და ეს სიჯიუტე დაღუპავს. ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ ნაბიჯს გადადგამენ დათმობისკენ, პირიქით, - ყოველი ნაბიჯი მათი მხრიდან არის ესკალაციისკენ გადადგმული. ის, რაც გაერთიანებულ ოპოზიციას და ქართულ საზოგადოებას შესთავაზეს, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ხელისუფლება არ ფიქრობს მხოლოდ 2020 წელზე, მათ სურთ საერთოდ გააუქმონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ლაპარაკიც კი. „არვითარ შემთხვევაში არ შეიძელება „ქართული ოცნების" შემოთავაზებაზე დათანხმება. 20-27 ადგილის გადმოგდება სასაცილოა. ან უნდა იყოს პროპორციული სისტემა ან წავიდეთ შერეული არჩევნებზე და დავამარაცხოთ „ოცნება." მგონია, რომ ამაზე ოპოზიცია უნდა წავიდეს. ხელისუფლება აშკარად დროს წელავს ამ ფორმით. თვითონ ოპოზიციას, კერძოდ „ნაციონალურ მოძრაობას" და „ევროპულ საქართველოს," აწყობთ კიდევაც შერეული სისტემა. უფრო მეტი მოხვდება პარლამენტში, ამიტომ თავს არ უნდა იკლავდნენ რევოლუციურ სცენარებზე. „ეჭვი მეპარება პროცესი დაძაბულობისკენ წავიდეს. დროის გაწელვა აწყობს „ნაციონალურ მოძრაობასაც" და „ევროპულ საქართველოსაც." დასავლელ პარტნიორებს აჩვენებენ თუ რამდენად უუნაროა ხელისუფლება, რომ „ქართული ოცნება" პროპორციული სისტემის წინააღმდეგი და ა.შ. თანაც, ეს დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" წისქვილზე ასხამს წყალს. „ნებისმიერ შემთხვევაში, მუდმივად მოგებული რჩება „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო". კარგია, რომ მათ გარშემო მთელი ოპოზიციაა. არ მომწონს „ნაციონალური მოძრაობა," მაგრამ სტრატეგიულად სწორად აქვთ დალაგებული ვითარება და დღის წესრიგს უდგენენ „ქართულ ოცნებას". ხელისუფლების ყოველი ნაბიჯი მისთვის წამგებიანია და ამ ფონზე, გაერთიანებული ოპოზიცია განაგრძობს მშვიდობიან, წყნარ ნაბიჯებს. „თუკი არასდროს ექნება შეხლა-შემოხლა, დასავლეთს და ქართულ საზოგადოებას შეუქმნიან განცდას, რომ მათ მშვიდობა უნდათ და ძალადობას არ აპირებენ. თუ ასე მივედით 2020 წლის ოქტომბრამდე, გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას" შერეულ არჩევნებს მოუგებს. "დღეს „ქართული ოცნების" მთავარი ამოცანა, გარდა იმისა, რომ როგორმე დრო გაწელოს, მეორე მთავარი ამოცანაა, როგორმე განხეთქილება შეიტანოს ოპოზიციაში. ეს არ უნდა დაუშვას ოპოზიციამ," - განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - დასძენს გამოცემა.

"აშშ-ს კონგრესის სენატმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დანიშნა. მისი კანდიდატურა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს სექტემბერში წარუდგინა. საქართველოში ახალი ელჩის ჩამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია. ზაქარეიშვილი პროგნოზირებს, რომ ელჩი საქართველოში საკმაოდ მკაცრ გზავნილებს ჩამოიტანს და ზოგადად, აშშ-ს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გაიზრდება. „ძალიან მკაფიო იქნება გზავნილები იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი უნდა იყოს დემოკრატიული გზით და მას (ელჩს) ეცოდინება, რომ „ოცნებამ" დაარღვია ყველა პირობა, თანაც საკმაოდ უცნაურადაც. დაიწყო გადმობრალება, „მე ხომ ხელი არ მომიწერია," - ასე არ იმართლებენ თავს პოლიტიკოსები. ამის ფონზე აშშ დაინტერესებულია, რომ მისი მთავარი საყრდენი და მოკავშირე კავკასიაში და რეგიონში, - საქართველო მდგრად დემოკრატიულ განვითარებაზე იყოს. „დღეს საფრთხე ემუქრება არა საქართველოს ორიენტაციას რუსეთისაკენ, არამედ საქართველოს დემოკრატიის მოშლას. შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს რუსეთისკენ გადახრა, მაგრამ ეს არ არის რუსეთისკენ მიმავალი გზა. ეს ავტორიტარიზმისაკენ მიმავალი გზაა, რაც არ უნდა დაუშვას შტატებმა. "ახალი ელჩი მონდომებული იქნება, ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დაუშვას არადემოკრატიული ინსტიტუტების დემოკრატიულად გაფორმება. „დღევანდელი აშშ არ არის მზად აპატიოს, როგორც სააკაშვილს აპატიეს 2008 წლის არჩევნები,.იგივეს არ გააკეთებს ამერიკა დღეს და თუ გამოჩნდება, რომ დემოკრატიიდან გადასვლა იყო, ამას აშშ აუცილებლად დააფიქსირებს, რაც კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა იქნება საქართველოსთვის, რომელიც უნდა გადალახოს" - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა”, - წერს სტატიის ავტორი.

ემუქრება თუ არა საქართველოს ლტოლვილთა ნაკადი - თურქეთმა ლტოლვილთა ახალი დიდი მასა შესაძლოა ევროპისკენ გაატაროს

"თურქეთის პრეზიდენტი ისევ ევროპაში ლტოლვილების გაშვებით იმუქრება - სირიიდან კერძოდ იდლიბის პროვინციიდან თურქეთისკენ ლტოლვილების ახალი 80 ათასიანი ტალღა მიემართება, რომელსაც რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ევროპაში გადანაწილებას უმზადებს, ექსპერტები ამბობენ, რომ დღეს შესაძლოა ერდოღანმა მიგრანტების საკითხი რეალობად აქციოს, რადგან იგი მიიჩნევს, რომ მისმა დასავლელმა პარტნიორემბა მათი წილი ვალდებულებები არ შეასრულეს. "თურქეთი მარტო ვეღარ გაუმკლავდება მიგრაციის ამხელა ტვირთს. ამ ზეწოლის ნეგატიურ ეფექტებს ყველა ევროპული ქვეყანა იგრძნობს, განსაკუთრებით საბერძნეთი",- განაცხადა ერდოღანმა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ემუქრება თუ არა საქართველოს ლტოლვილთა ნაკადი - თურქეთმა ლტოლვილთა ახალი დიდი მასა შესაძლოა ევროპისკენ გაატაროს

"საგარეო ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი მიგრანტების საკითხია, დასავლეთისგან სავარაუდო სანქციების შემოღების შესაჩერებლად. „თურქეთს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც დღეს ხელში უჭირავს, დასავლეთის მხრიდან სავარაუდო სანქციების შემოღების შესაჩერებლად, სწორედ ლტოლვილების საკითხია.

"ცნობილია, რომ თურქეთის საზღვრისპირა რაიონების ბანაკებში, რამდენიმე მილიონი ლტოლვილია განლაგებული, რომელთა ევროპისკენ მიგრაციის შეკავება რამდენიმე წლის წინ თურქეთმა თავის თავზე აიღო, როგორც ნატოს წევრსა და ევროპის ქვეყნების პარტნიორი ქვეყნის ვალდებულება, რომლის სანაცვლოდ თურქეთი გარდა სხვა ბენეფიტებისა, სოლიდურ ფინანსურ დახმარებას ითხოვდა იმისათვის, რომ შეძლებოდა გამკლავებოდა ამ ლტოლვილთა უზარმაზარ მასას. „რამდენადაც მახსოვს, ერდოღანი ევროპას ხშირად საყვედურობდა, რომ თავისი წილი ვალდებულება არ შეასრულა თურქეთის წინაშე და არ ჩაურიცხა ის თანხა, რომელიც დაპირების შესაბამისი იყო. „მას მერე თურქეთისა და დასავლეთის ურთიერთობა კიდევ გამწვავდა, განსაკუთრებული სიმპტომები აშშ-დან იგრძნობა, სომხების გენოციდის აღიარება და სანქციების დაპირება ეს-400-ების შეძენის გამო, ხოლო თურქეთის მხრიდან კი ერდოღანმა თქვა, რომ სანქციების საპასუხოდ არ გამოვრიცხავთ, რომ თურქეთიდან აშშ-ს ორივე, როგორც სამხედრო საჰაერო, ისე რადიოსალოკაციო ბაზის გაყვანის საკითხი დავაყენო დღის წესრიგშიო. "ამ ფონზე სრულიად გასაგებია, რომ თურქეთი ლტოლვილთა ახალი მასის შეკავებას აღარ შეეცდება, იმიტომ, რომ იგი მიიჩნევს, რომ მისმა დასავლელმა პარტნიორებმა მათი წილი ვალდებულებები არ შეასრულეს და მათ შორის ლტოლვილთა საკითხებშიც და არაა გამორიცხული, რომ თურქეთმა ევროპაზე ზეწოლისთვის ამჯერად ლტოლვილთა საკითი მნიშნელოვან ბერკეტად გამოიყენოს, ადრე იმუქრებოდა, დღეს შეიძლება რეალობად აქციოს" - აცხადებს იგი”, - აღნიშნავს გამოცემა.

"მისივე თქმით, მიგრანტთა ახალი ნაკადი საქართველოში შემოყვანაზე მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, რადგან სირიაში როგორც აშშ-ს ისე რუსეთის ინტერესები იკვეთება. „რაც შეეხება ლტოლვილების საქართველოში შემოყვანას, დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ქვეყნისთვის იმდენი დამაზიანებელი ნაბიჯი გადაიდგა, ხელისუფლება დღეს ხარაკირის რეჟიმშია გადასული და არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებითაც თურქეთისთვის გარკვეული თანხმობა მიეცა, მაგრამ საბედნიეროდ ის ამ გადაწყვეტილებაში მარტო ვერ იქნება, ის ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს იმიტომ, რომ სირია ის ბრძოლის ველია, სადაც აშშ-სა და რუსეთის ინტერესები იკვეთება, აქედან გამომდინარე, ჩვენმა ხელისუფლებამ როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს უნდა შეუთანხმოს, თუ საუბარი იქნება ლტოლვილთა დიდი მასის შემოსვლაზე”,- დასძენს გამოცემა.

"ჩვენი ცხოვრებიდან და უკიდურესად რთულ გეოპოლიტიკურ არეალში მდებარეობიდან გამომდინარე,რამდენიმე ასეული ლტოლვილიც დიდი მასაა, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება" ამას ვერც რუსეთის და ვერც აშშ-ს დაუკითხავად ვერ გაბედავს" - განაცხადა ლაგაზიძემ”, შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისმევლუთ ჩავუშოღლუს შორის შეხვედრა შედგა, მათ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაზე ისაუბრეს”, - წერს სტატიის ავტორი.