ქართული პრესის მიმოხილვა 21.12.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 21.12.2019

მამუკა გამყრელიძე - “შუაშისტების დრო მოვიდა”, მათი პოზიცია 2020 წლის არჩევნების ბედს გადაწყვეტს

ბათუ ქუთელია - “აშშ-ის მხრიდან კრიტიკა გაიზრდება მანამ, სანამ მართლა არ შეიცვლება არაფორმალური მმართველობა...”

* * *

მამუკა გამყრელიძე - “შუაშისტების დრო მოვიდა”, მათი პოზიცია 2020 წლის არჩევნების ბედს გადაწყვეტს

“ხელისუფლება ამ გზას გააგრძელებს. ეს არის დიქტატურის კლასიკური გზა. ასეთ დროს შიგნით გუნდში იწყება ხოლმე დაშლა. ვისაც ჰქონდა შანსი, რომ “დათესილიყო”, ისინი გაიქცნენ და უკვე დაუპირისპირდნენ. ხოლო ისინი, ვინც ისეთი დასვრილები არიან, რომ არსად წასვლის შანსი არ აქვთ, დაიტოვა ივანიშვილმა. ის ამ გუნდს მაქსიმალურად დააპატარავებს და და ამ გუნდით დაერევა ხალხს”, - აცხადებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა გამყრელიძე: “შუაშისტების დრო მოვიდა” / მათი პოზიცია 2020 წლის არჩევნების ბედს გადაწყვეტს.

“არავინ მითხრას, რომ დასავლეთი შეაშინებს ან ფულს წაართმევენ და ასე შემდეგ... - მაგისთვის ხელისუფლებაში დარჩენა ყოფნა-არყოფნის ტოლფასია. უდიდესი საფრთხე აქვს რუსეთიდანაც და საქართველოდანაც. არ იქნება არანაირი დათმობა. “ოცნება” ცდილობს მცირე "კოსმეტიკური" ცვლილებებით გავიდეს ფონს. უკან დახევის მეტი გზა აღარ აქვთ - ჩუგოშვილი რომ ჰყავთ, ახლად გამოჩეკილი “ოპოზიციონერი”, ვითომ ახლა რომ აეხილა თვალი, იმანაც კი თქვა, რომ უკან დასახევი ნაბიჯები “ოცნებას აღარ დარჩა - ან უნდა დაგვეთანხმონ, ან პირდაპირ უარი გვითხრან. ახლა მათ დაიწყეს კოსმეტიკური ვარიანტის მოძებნა. ზრდიან პროპორციული დეპუტატების რაოდენობას, 100/50-ზეო და ა.შ. პირდაპირ თქვა ხელისუფლებამ მეოთხე შეკრებაზე - თქვენ რასაც გვთავაზობთ, ამით ჩვენ დავმარცხდებითო, პროპორციული არჩევნების რანაირი სახეობაც არ უნდა იყოს, ჩვენ დავმარცხდებით და ეს არ გვაწყობსო. ეს თქვეს ელჩებთან ერთად და მათ თვალები გაუფართოვდათ, ეს რომ მოისმინეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა გამყრელიძე.

“შეკრებების შედეგი არის - თუნდაც მარტო ის, რომ მათ აღიარეს, რომ ამ არჩევნებს ეპოტინებიან. დასავლეთისთვის ყველაფერი ნათელი ხდება, ესენი სად მიდიან. ამას კი ჩვენთვის დიდი მორალური უპირატესობა მოაქვს. უკვე რაღაც პუნქტებზე, მრავალმანდატიან ოლქებზე თქვეს, რომ ეს არ არის ანტიკონსტიტუციური. ესეც შედეგია... ან ყველაფერზე უარი უნდა თქვა, აუყირავო მაგიდა და ისევ ქუჩაში გავიდეთ ან კიდევ დავტყუოთ რაც შეიძლება მეტი და მოვუგოთ არჩევნებში. პირადად ჩემთვის მეორე ვარიანტი უფრო მისაღებია. მაგრამ სოციალურ ქსელს რომ გადახედავ, განსაკუთრებით “ნაცმოძრაობის” მომხრეები ძალიან რადიკალურები არიან. არ გამიკვირდება, რომ ნაციონალებს შესაძლოა საკუთარი ამომრჩევლის შიშიც ჰქონდეთ და არ წავიდნენ დათმობებზე... იქნება დიდი ოპოზიციური შეხვედრა და ყველაფერი იქ შეჯერდება. ხელისუფლების ყველა წინადადებას ამ დიდ შეხვედრაზე ერთიანად განვიხილავთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხელისუფლებას სადღაც იანვრის ბოლომდე აქვს ვადა, რომ გამოაცხადოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც აპრილის ბოლოს დაინიშნება - ამ ვარიანტსაც აქტიურად განვიხილავთ. ახლა უკვე ისეთი მომენტია, რომ ვადამდელი არჩევნები ხელსიუფლებას აწყობს და არა ოპოზიციას. შიგნიდან ისეთი გაურკვეველი პროცესები მიდის პარლამენტში, ვითომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მაჟორიტარები და დანარჩენები, მოკლედ რაღაცას მოიფიქრებენ და ვადამდელს დანიშნავენ, რითაც უფრო შეამოკლებენ ამ თავის რთულ პერიოდს. აი, მერე კი დახარჯავენ ყველაფერს, თუ რამე გააჩნიათ - ფულსაც, ადმინისტრაციულ რესურსსაც, კრიმინალსაც ჩართავენ - დარწმუნებული ვარ, საშინელი ზეწოლა იქნება. დასავლეთი ამ არჩევნებს ძალიან ცუდად მიიღებს, მაგრამ ეგენი უკვე ისეთ ფაზაში არიან, რომ საერთოდ აღარ აინტერესებთ აღარაფერი, გადარჩენაზეა ლაპარაკი, ამიტომ მე პირადად ძალიან მეშინია იმ პროცესების, რომლებიც მომავალ წელს გველოდება”, - ამბობს ოპოზიციონერი.

“თქვენ ვერ წარმოიდგენთ ოპოზიციაში როგორი მშვიდი გარემო და ერთსულოვნებაა საუბრების დროს. 30 პარტიააა გაერთიანებული და ეს არც ისე მარტივი რამეა.... ეს დაბოქლომება არ იყო რადიკალური და აგრესიული - ეს იყო სიმბოლური. ჯოხს ორი ბოლო აქვს, ერთი მხარე, შუაშისტების, უფრო მშვიდები არიან და ისინი მოითხოვენ რაღაც ურთიერთდათმობებს, კონსულტაციებს, მაგრამ არის მეორე მხარეც, რომელიც ითხოვს დუღილს, აფეთქებებს და უბედურებას. რა უნდა ქნან ოპოზიციის ლოდერებმა? არ უნდათ, რომ დაკარგონ არც ასეთი ამომრჩეველი და არც ისეთი. მე ვიტყოდი, რომ დღეს მაინც ამ შუაშისტების დრო მოვიდა”, - დასძენს მამუკა გამყრელიძე და შეკითხვაზე - “რატომ მოვიდა შუაშისტების დრო?” - პასუხობს:

“20-30%-ია იმ ხალხის, რომელიც არ არის ჩამოყალიბებული ჯერ, თუ ვის მისცემს ხმას, იმიტომ, რომ ეს პოლარიზება მათ ძალიან არ მოსწონთ არც აქეთ და არც იქით. მათი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ არჩევნებზე. სურათს შეცვლის მთლიანად. თუ საით გადაიხრება ეს ნაწილი, ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი! ამიტომ არავის დაკარგვა არ შეიძლება, არც ერთი ამომრჩევლის. ამიტომ არის ოპოზიციის სიმრავლე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ აბსოლუტურად ყველას გემოვნება დააკმაყოფილოს და გაითვალისწინოს ამ ერთობამ. ეს მრავალფეროვნება და დიდი გაერთიანება მოქმედების დიდ ბიძგს აძლევს ოპოზიციას. აქეთა მხარეს, ვგულისხმობ ხელისუფლებას, იქნება ძალიან ძლიერი რადიკალიზაცია და დაპირისპირება და უმძიმესი პერიოდი, რადგან “ოცნება” არაფრის ფასად უკან არ დაიხევს. ეს კი ყველაზე მეტად მაშინებს"...

ბათუ ქუთელია - “აშშ-ის მხრიდან კრიტიკა გაიზრდება მანამ, სანამ მართლა არ შეიცვლება არაფორმალური მმართველობა...”

“როგორც ხედავთ, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა რეალურად ისეთ ფაზაში შედის, რომ ბოლომდე სურს გაიფორმოს სახელმწიფოს მიტაცება. ამიტომაც ამერიკის ელჩის ყოფნა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრების ყველაზე დიდი ხელმშემწყობი. ამიტომაც ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია და არა მარტო იმიტომ, რომ აშშ-თან ფართო დღის წესრიგი გვაქვს, არამედ იმიტომაც, რომ საარჩევნო წელია და ამ პოლიტიკური კრიზისების ფონზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ამერიკის ახალი ელჩის კელი დეგნანის ფიზიკურად ყოფნას საქართველოში”, - აცხადებს საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აშშ-მა “ოცნებას” ბოლო გაფრთხილება მისცა, მას ბოლო შანსი აქვს, კატასტროფულად არ დაამთავროს” / ბათუ ქუთელია: “ აშშ-ის ახალმა ელჩმა თქვა, რომ კარიერის ყველა ეტაპზე საქართველო მის ინტერესებში იყო”.

“ეს წელიწადნახევარი, როდესაც ამერიკის ელჩი ოფიციალურად ოფიციალურად არ იყო დანიშნული, კარგად არ აისახა ჩვენს ურთიერობებზე და ამას კიდევაც ვხედავთ. ამერიკელ კოლეგებს სენატიდან და კონგრესიდან მოუწიათ მკაცრი განცხადებების გაკეთება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ამერიკის ახალ ელჩს კელი დეგნანს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დიპლომატიური კორპუსის კარიერული დიპლომატია და მევრი მეგობარი მყავს დიპლომატიური წრეებში, რომლებიც მას ახასიათებენ როგორც ძალიან ძლიერ და პრინციპულ დიპლომატს. სენატში მოსმენისას მან ძალიან კარგი აქცენტები გააკეთა თავის გამოსვლაში. ხაზი გაუსვა, რომ თავისი კარიერის ყველა ეტაპზე საქართველო მისი ინტერესების სფეროში შედიოდა - იქნებოდა ეს იმ პერიოდში, როდესაც ნატოში მსახურობდა თუ როდესაც ავღანეთში მსახურობდა. ასევე მაშინ, როდესაც საზღვაო ძალების თანაშემწე იყო. ყველა კრიტიკულ მომენტში მისთვის საქართველო იყო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მას ამ საკითხში აქვს დიდი გამოცდილება... ნატოში, ინტეგრაცია, რასაკვირველია, ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. განსაკუთრებით კი ახლა, როდესაც საუბარი არის რუსული აგრესიიის ეფექტიანად შეკავებაზე. საქართველო არის ფრონტის ხაზზე და ამერიკის ოფიციალური პოზიციაა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბათუ ქუთელია.

“ჩვენი ხელისუფლების მისამართით კონგრესმენების წერილს ასევე მოჰყვა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ინტერვიუ, ამას კიდევ მოჰყვა “უოლ სტრით ჯორნელის” ძალიან მკაცრი და კრიტიკული სტატია, სადაც პირდაპირაა აღწერილი ის კატასტროფული შედეგები საქართველოს სახელმწიფოსთვის, რაც მოიტანა “ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა. პირველ რიგში საუბარია იმაზე, რომ ნატოსა და რიტორიკული პროდასავლურობის ფასადის უკან რეალურად საქართველო ბრუნდება რუსეთის გავლენის ქვეშ.... ზუსტად იგივე განაცხადა “აირაის” პრეზიდენტმა, რომ ის ტონი, როგორც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საუბრობენ ამერიკულ ორგანიზაციებზე, ეს ჰგავს პუტინისა და სხვა ავტორიტარების ტონს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვფიქრობ, “ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის მიმართ ეს ძალიან მკაცრი ბოლო გაფრთხილებაა, რომ პროცესები წაიყვანონ ნორმალური ცხოვრების გზით და გადაარჩინონ საკუთარი თავიც და არ დაასრულონ კატასტროფით. დიახ, ბოლო გაფრთხილებაა, როდესაც პირდაპირ ეუბნებიან, რომ დანაპირები უნდა შეასრულონ დიპლომატიური შეფუთვის გარეშე... კრიტიკა კიდევ უფრო გაიზრდება მანამ, სანამ არ გადადგამენ სწორ ნაბიჯებს. ვერც ერთი შანსი, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიეღოთ, “ოცნების” ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა. მე ვფიქრობ, რომ ისინი ვერც ახლა მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებებს და აქედან გამომდინარე, ეს კრიტიკა გაიზრდება მანამ, სანამ მართლა არ შეიცვლება არაფორმალური მმართველობა და სახელმწიფოს მიტაცება ბიძინა ივანიშვილის მხრიდან”, - დაასკვნის ქუთელია.