ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2019

რას უმზადებენ საქართველოს - “ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დაიწყო პროცესები”
რა საიდუმლოებაა სმიტების მკვლელობის საქმეში და რატომ არ საჯაროვდება აშშ-დან კობაურისთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსი
***
რას უმზადებენ საქართველოს - “ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დაიწყო პროცესები”
"თავდაცვის მიზნით ქართული მხარის მიერ სოფელ წნელისთან გაკეთებული ბლოკპოსტი და ამ ტერიტორიაზე ქართული უსაფრთხოების ძალების პატრულირება, რუსეთმა ამჯერადაც პროვოკაციის მიზნით სათავისოდ გამოიყენა, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებით, აღნიშნული ვითარება „საზღვარზე" მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო საფრთხის რისკს და შესაძლოა, ეს ღია შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს. ქართული მხარე აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან მორიგი დეზინფორმაცია და პროვოკაციული განცხადება, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, რადგან ქართული მხარიდან არანაირ მოქმედებებს ადგილი არ აქვს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რას უმზადებენ საქართველოს - “ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე დაიწყო პროცესები” / “ზალკალიანი და ლავროვი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ“ - რა გახდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის "უშიშროების კომიტეტის“ განცხადების მიზეზი
"შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ქმედება, რამაც ეს პროვოკაციული განცხადება გამოიწვია, შესაძლოა სოფელ წნელისთან ქართული საგუშაგოს დადგმა გახდა, თუმცა, მისივე განცხადებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის, თუ, ქართულმა მხარემ მანამდე რატომ არ განიხილა ამ ნაბიჯთან დაკავშირებული რისკები. „რუსეთის მხრიდან ასეთი პროვოკაციული განცხადებები ჩვეულებრივი ამბავია, ჩვეულებრივი კი არ ყოფილა ის, რომ ქართულმა მხარემ წნელისთან საგუშაგო ააშენა, რომელიც 2012 წლის შემდეგ, შეტყობინების და განხილვის გარეშე, ამ ტიპის ღონისძიება განხორციელებული არ ყოფილა. როგორც წესი, შეხვედრები ერგნეთში ტარდება და იქ განიხილავენ ხოლმე ინციდენტების თავიდან აცილებისა და მასზე რეაგირების მექანიზმებს. „ამაზე ერგნეთში განხილვა არ ყოფილა და ქართულმა მხარემ წნელისთან საგუშაგოს მშენებლობა დაიწყო, რამაც გამოიწვია ოსეთის მხრიდან აბსოლუტურად არაადეკვატური რეაქცია და ერთის ნაცვლად ორი-სამი საგუშაგო ააშენეს, რასაც თავიანთი ინტერესების რეალიზაციისთვის იყენებენ. ანუ, აშკარად ჩანს, რომ ქართული მხარის ეს ნაბიჯი მათ ეფექტურად საპასუხოდ გამოიყენეს და აქედან გამომდინარე ძალიან რთული ვითარებაა. „იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია დალაგებულიყო და ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის შემდეგ იმედი იყო, რომ რაღაც ფორმით და საკითხით დალაგდებოდა, მიუხედავად ამისა, დაძაბულობა და ესკალაცია გრძელდება, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რადგან ესკალაცია გრძელდება, ზალკალიანი და ლავროვი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ",-აცხადებს იგი”, - აღნიშნავს გამოცემა.
"მისივე შეფასებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადების მიზეზი აშშ-ის საქართველოს მხარდამჭერი აქტი არ იქნებოდა, რადგან მსგავს აქტებს აშშ პერიოდულად გამოსცემს ხოლმე. „ეს აქტი პირველად არ გამოდის, აშშ ყოველ წელს რეგულარულად იღებს საქართველოს მხარდამჭერ აქტებს და ეს ძალიან კარგია, გვეხმარება და აშკარად ვგრძნობთ შეერთებული შტატების მხარდაჭერას. მაგრამ, არ მგონია, რომ ეს პირდაპირ კავშირში იყოს ამ განცხადებასთან, ეს უფრო იმასთანაა კავშირში, რომ ჩორჩანა-წნელისის მონაკვეთზე, დაიწყო ისეთი პროცესები, რომელიც მხარეებმა თავიდან ერთმანეთში არ განიხილეს და ერთმანეთი ფაქტის წინაშე დააყენეს. „არ მგონია, რომ ეს რაიმე შეუქცევად პროცესებში გადაიზარდოს, მაგრამ ის შედარებით პირობითად სტაბილური ვითარება, რომელიც „ქართული ოცნების" დროს შემუშავდა ისე, რომ დიპლომატიური და მოლაპარაკებების ფორმებით ახერხებდნენ იმას, რომ ესკალაციაში არ გადასულიყვნენ, ეს სტაბილურობა დაირღვა და თუ ამდენ ხანს მხარეები ერთმანეთის ანგარიშის გაწევას ცდილობდნენ, ახლა აშკარად ერთმანეთს ფაქტის წინაშე აყენებენ, რაც „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკას უფრო ჰგავს. "2004 წელს მათ ასეთი პოლიტიკა დაიწყეს და 2008 წელს კი ომი მივიღეთ, იმედი მაქვს , რომ ჩვენს ხელისუფლებას გონიერება ეყოფა და საქმე აქამდე არ მივა, მაგრამ, ეს პირობითი სტაბილურობის მოშლის პირველი ფაქტია და მგონია, რომ ყველა მხარისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. „რუსეთი, როგორც ყოველთვის ქართულ ნაბიჯებზე ვერაგულად პასუხობს ხოლმე, ამას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველას მიმართ აკეთებს, საკმარისია მან მოწინააღმდეგე სუსტ ადგილებში გამოიჭიროს, იგი შემდეგ ამას ათმაგად პასუხობს, რუსული სტილია, რომ იყენებს მოწინააღმდეგის ენერგიას მისივე საწინააღმდეგოდ, ამ შემთხვევაში აშკარად ეს ქმედება ჩანს. „ვფიქრობ, რომ ქართული მხარე ანგარიშს უფრო მეტად უნდა უწევდეს ევროკავშირს, შეატყობინა თუ არა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომ წნელისთან საგუშაგოს დადგმას აპირებდა?”, - განაგრძობს გამოცემა.
"აშკარად ჩანს, რომ სადამკვირვებლო მისია უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, ჩვენი ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენი ევროპელ პარტნიორებთან განხილული უნდა იყოს, რომ ინციდენტები თავიდან ავიცილოთ ხოლმე. "ერგნეთის მოლაპარაკებები ზუსტად ამისთვისაა შექმნილი, ჩვენ რუსეთს ესკალაციაში და კონფრონტაციაში ვერ მოვერევით, იმიტომ, რომ ისინი ამის პროფესიონალები არიან, ჩვენი მთავარი იარაღი კი მშვიდობაა და არა აგრესიული და წინდაუხედავი ნაბიჯები",- აცხადებს იგი. ზაქარეიშვილისვე თქმით, ჩორჩანას მოვლენები ბუნდოვანია, რაც რუსულ აგრესიაში გადავიდა. „ბლოკპოსტზე მაშინვე ვთქვი, რომ ამას რუსული რეაქცია მოჰყვებოდა და მართლაც იმაზე უარესი რეაქცია მოჰყვა, ვიდრე გავთვალე. ყოველთვის მაინტერესებს ჩვენი სახელმწიფო რამდენად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რასაც სხვებისგან მოვითხოვთ, ეს საკითხი აშკარა ბუნდოვანებით იწყება და გადადის რუსულ მკაფიო ცხად აგრესიაში, სწორედ ეს ბუნდოვანებაა გასარკვევი, რომ მომავალში ჩვენ ასეთი შეცდომა აღარ მოგვივიდეს”, - დასძენს გამოცემა.
"ბლოკპოსტებს არაფერი აღარ ეშველება, არც ჩვენი და არც რუსული მხარე არ აპირებენ ბლოკპოსტების გატანას, მას შემდეგ, რაც ზალკალიანი ლავროვის შეხვედრა იყო, აქ ვითარება არ შეცვლილა, და რადგან ესკალაცია გაგრძელდა, ესე იგი ვერ შეთანხმდნენ, ამიტომაც, აშკარაა, რომ ეს ასე დარჩება. „ასეთი განცხადებების დიდი ნაწილი როგორც წესი ჰაერში იკარგება და შედეგი არაფერია ხოლმე, მაგრამ, ასეთი ტიპის განცხადებებს არც თუ იშვიათად შემდეგ რაღაცა მოქმედებები მოჰყვება ხოლმე. ამ განცხადების სულისკვეთება ისეთია, ვფიქრობ, რომ ეს მორიგი გაფრთხილება და ტემპერატურის აწევის მცდელობაა და არა შორს გამიზნული აქტივობები. „ფაქტია, რომ ახალგორის რაიონი ჩაკეტილია, მოსახლეობა ვერ მოძრაობს, წაყენებული აქვთ ულტიმატუმი, რომ თუ წნელისიდან არ აიღებთ საგუშაგოს, მანამდე ჩვენ ახალგორს არ გავხსნითო, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა, იმიტომ, რომ ახალგორში მცხოვრები მოქალაქეები ფაქტიურად საოკუპაციო რეჟიმის ქვეშ არიან", - აცხადებს ზაქარეიშვილი. „ქართველი პროვოკატორები არ წყვეტენ რევანშისტულ მისწრაფებებს და სამხრეთ ოსეთ-საქართველოს საზღვარზე არასტაბილურობის კერას ქმნიან. საქართველოს სპეცსამსახურები კი ბოლო ორი თვის განმავლობაში დეზინფორმაციას ავრცელებენ და შეცდომაში შეჰყავს არა მხოლოდ ქართველი მოსახლეობა, არამედ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, "სოფელ კოდაში, აბანოში, კობში, წაღვლსა და ატოცში არსებულ საზღვართან ზღუდავენ ქართველი აქტივისტების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გადაადგილებას, რათა თავიდან აიცილონ იქ არსებული სიტუაციის ობიექტური შეფასება. "სამხრეთ ოსეთის" დასახლებასთან ქართული საგუშაგოებისა და პოლიციელების ყოფნა სამხედრო საფრთხის რისკებს ზრდის, რამაც შესაძლოა, შეიარაღებული შეტაკება გამოიწვიოს," - განაცხადა დე ფაქტო ცხინვალის "უშიშროების კომიტეტის" პრესცენტრის ხელმძღვანელმა ეკატერინა ბიაზროვამ”, - წერს სტატიის ავტორი.
რა საიდუმლოებაა სმიტების მკვლელობის საქმეში და რატომ არ საჯაროვდება აშშ-დან კობაურისთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსი
"კობაური საქართველოს წინააღმდეგ" - სმიტების ოჯახის გახმაურებული მკვლელობისთვის გასამართლებული მწყემსის საქმე სტრასბურგში მიდის. მანამდე კი, მალხაზ კობაურის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე საზოგადოებას პროცედურულ დეტალებს გააცნობს. ადვოკატი „რეზონანსთან" ამბობს, რომ ის მასალების შეგროვებას უკვე შეუდგა და სავარაუდოდ, საქმე ორი თვის განმავლობაში ევროპულ სასამართლოში უნდა წრადგინონ. კობაიძეს იმედი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს, რადგანაც მალხაზ კობაურთან დაკავშირებით სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უფლება დაირღვა. მისი აზრით, საქმის ირგვლივ ბევრი პროცესუალური ნორმების დაღვევა მოხდა. შესაბამისად, სახელმწიფომ სამართლიანი სასამართლო კობაურთან დაკავშირებით ვერ უზრუნველყო”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა საიდუმლოებაა სმიტების მკვლელობის საქმეში და რატომ არ საჯაროვდება აშშ-დან კობაურისთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსი.
"მსჯავრდებული მისთვის გაგზავნილი რაიან სმიტის დედის წერილის დაბრუნებასაც ითხოვს, რომელიც მალხაზ კობაურს პენიტენციალურმა სამსახურმა არ გადასცა. გარდა ამისა, კობაურის სხვა საკანში გადაყვანასაც ვითხოვთ. საკმაოდ მძიმე პირობებში იმყოფება. "რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში ჩივილს, სამწუხაროდ, კობაურის მიმართ, ყველანაირი პროცედურული ნორმები დაირღვა როგორც ბრალდების მხარის, ასევე სასამართლოს მხრიდან. ამიტომ, ჩვენ გავასაჩივრებთ და საქმეს დაერქმევა - "კობაური საქართველოს წინააღმდეგ". "ასევე, ის ითხოვს იმ წერილს, რომელიც ლინ სმიტმა გამოაგზავნა. მას ეს წერილი მხოლოდ წაუკითხეს და არ მისცეს საშუალება, რომ დაეტოვებინა. საქმეს ასევე დაერთვება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც მოწმეების დაკითხვის ოქმებს ეხება, სადაც ადამიანები ზუსტად ერთი და იგივე წინადადებებით აღწერენ და საუბრობენ რა მოხდა ხადას ხეობაში", - აცხადებს ადვოკატი „რეზონანსთან". ხადას ხეობაში საზარელი მკვლელობა 2018 წლის ივლისში მოხდა. კობაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მას ეს განაჩენი 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა გამოუტანა. "კავშირების" რედაქციამ სმიტების მკვლელობის სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა. როგორც ცნობილია, ხადას ხეობაში ტურისტად მყოფი სმიტების ოჯახის დაკარგვის შემდეგ, სამართალდამცავებმა შეტყობინების მიღების პირველივე დღეს, 2018 წლის 6 ივლისს, ლორა სმიტის გვამი, მახლაზ კობაურის დახმარებით იპოვნეს. მამა-შვილის, რაიან სმიტისა და 4 წლის ქეილების სამძებრო-სამუშაოები იმ ღამეს არ გაგრძელებულა. დაკითხვის ოქმების შესწავლისას კი გამომძიებელმა ჟურნალსიტებმა აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებში იდენტური წინადადებებია. მაგალითად, ერთი და იმავე სიტყვებით აღწერენ სამძებრო სამუშაოების პირველ საათებს პოლიციელი ლევან ბულაური და მეზობელი სოფლის, ბენიან-ბეგონის მაცხოვრებელი ზურაბ ბენიაიძე. ორივე დაკარგული ოჯახის სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა. ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება, ორივე ადამიანს ერთი და იმავე სიტყვებით ეპასუხა გამომძიებლის კითხვებისთვის? თან მოწმეები წერენ, რომ ჩვენება დაწერილია მათი კარნახით. ხომ არ აწერინებდა მათ ხელს გამომძიებელი წინასწარ გამზადებულ ტექსტებზე? - ამ კითხვებით კი „კავშირების" რედაქციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა”, - აღნიშნავს გამოცემა.
"შსს-ს პასუხი კი ასეთია: "საქმეში არსებულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათი მოპოვებისას არ დარღვეულა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი. ამასთან, აღნიშნული საქმე განხილულ იქნა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით გამართულ სასამართლო პროცესზე და გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი ვერდიქტი." შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ გასცა პასუხი რედაქციის შეკითხვას, როგორ შეიძლება დაკითხვაზე ორმა ადამიანმა ათობით იდენტური წინადადება წარმოთქვას? გამოძიების ვერსია კი ასეთია: მკვლელობიდან რამდენიმე დღეში გამოძიების ოფიციალური ვერსია და მალხაზ კობაურის აღიარებითი ჩვენება გავრცელდა. ბევრ კითხვასთან ერთად, გაჩნდა ერთი აუხსნელი კითხვაც - როგორ შეიძლებოდა დედას დაეტოვებინა იარაღდამიზნებული 4 წლის შვილი და თავის გადასარჩენად გაქცეულიყო. გამოძიებისთვის მიცემულ პირველ ჩვენებაში კობაური რაიან სმითის მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებდა, მამა-შვილის მკვლელობას აღიარებდა და გამოძიებას არწმუნებდა, რომ ლორა სმითი გაიქცა და ხევში ჩავარდა. ექსპერტიზის პასუხებმა კობაურის პირველი აღაიარებითი ჩვენება თავდაყირა დააყენა და დანაშაულის რადიკალურად განსხვავებული მოტივი გამოკვეთა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ დანაშაულის მიზეზი ლორა სმითის მიმართ კობაურის სექსუალური ლტოლვა იყო და მიზნის მისაღწევად მას მამა-შვილის მოშორება დასჭირდა”, - განაგრძობს გამოცემა.
"საქმის პროკურორი ზაზა დათუკიშვილი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მივიდნენ ერთ-ერთ ჩანჩქერთან, მან გაიტყუა მამა-შვილი, ქალი დარჩა ჩანჩქერთან. ის მოულოდნელად დაახლოებით 150 სანტიმეტრის მოშორებით ზურგიდან ესვრის რაიან სმითს წელის არეში, შემდეგ კი ახორციელებს საკონტროლო გასროლას. ბავშვი ტირის, ვარდება პანიკაში, რის შემდეგაც ის მიბჯენით ესვრის ბავშვსაც. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მამა-შვილის მკვლელობის შემდეგ კობაურმა რაიან სმითის გვამი მდინარეში გადააგდო, ბავშვის ცხედარი კი თოვლის ზვავის ქვეშ გადამალა. ეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმია, რომელიც მალხაზ კობაურის 8 ივლისის ჩვენების შესამოწმებლად ჩატარდა. ხადის ხეობაში 7-საათიანი ექსპერიმენტისას კობაურმა სამარალდამცველებს მკვლელობის ადგილი აჩვენა. ოქმში აღნიშნულია ისიც, რომ სწორედ ბრალდებულმა მიუთითა იმ ადგილზე, სადაც რაიან სმითის გვამი გადააგდო, კერძოდ, მკვლელობის ადგილიდან 1 მეტრის მოშორებით, მდინარის კალაპოტში. ბავშვის ცხედარს კი სწორედ კობაურის მითითებით გასროლის ადგილიდან 12 მეტრში თოვლის ნარჩენის ქვეშ მიაგნეს. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გვამები მოიშორა, ის ბრუნდება ჩანჩქერთან, სადაც დატოვა ლორა სმითი და იარაღის მუქარით ახორციელებს მასზე ძალადობას და საბოლოოდ აუპატიურებს მას, ამის შემდეგ ბრალდებულმა ლორა სმითი დაახრჩო წყალში და ამის შემდეგ ჩააგდო მდინარეში”, - დასძენს გამოცემა.
"სწორედ მკვლელობის მოტივის დადგენის შემდეგ გახდა შესაძლებელი კობაურისთვის ბრალი დაემძიმებინათ. ამოღების ოქმის მიხედვით, ირკვევა, რომ მკვლელობის იარაღი მწყემსების დროებითი საცხოვრისიდან დაახლოებით 30 მეტრში, საწვიმარში გადახვეული, ბალახებში იყო გადამალული და სამართალდამცველებს ამის შესახებაც მალხაზ კობაურმა თავადვე უთხრა. მწყემსმა პირველ ჩვენებაში ლორა სმითის მკვლელობის შესახებ არაფერი თქვა, შესაბამისად გამოძიების ვერსიით, დამალა ნამდვილი მოტივი. ექსპერტიზის დასკვნით, ლორა სმითის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსიაა, წყალში დახრჩობით, თუმცა, ამავე დასკვნაში აღწერილია დაზიანებებიც, რის გამოც პროკურატურაში ფიქრობენ, რომ კობაურმა ქალზე ჯერ იძალადა და მერე დაახრჩო. მალხაზ კობაურის ადვოკატს არც ექსპერტიზის დასკვნების და არც გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა. მას აქვს საკუთარი ვერსია, რომლის შესახებაც ჯერ ბრალდებულმა ისაუბრა ერთადერთ ღია პროცესზე, მოგვიანებით კი ადვოკატებმა დაცვის მხარის სტრატეგია სწორედ ამაზე ააგეს. ბრალდებულის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ დანაშაული სხვა 7-მა ადამიანმა ჩაიდინა”, - წერს სტატიის ავტორი.

























