ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2019

ლაშა ჩხარტიშვილი - “კალაძე და ხმალაძე დასაჭერები არიან მგზავრობის არაადამიანური პირობების გამო”

მამუკა არეშიძე - “სირიაში ამერიკელებმა ინიციატივა რუსეთს დაუთმეს და ვითარებაზე პასუხისმგებელი რუსეთი გახადეს“

ეკონომიკური ზრდა ლარის გამყარების სასარგებლოდ გაიწირა, მაგრამ ჯერ ესეც ვერ ხერხდება

* * *

ლაშა ჩხარტიშვილი - “კალაძე და ხმალაძე დასაჭერები არიან მგზავრობის არაადამიანური პირობების გამო”

“მაშინ, როდესაც კალაძე-ივანიშვილის სატაქსო მონოპოლიის შექმნის მცდელობისა და სატრანსპორტო პრობლემების გამო, მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამარა დარჩა, როდესაც ეს ტრანსპორტი მგზავრთა ნაკადს ვეღარ აუდის და ლამის ადამიანები ტრანსპორტს გარედან ეკიდებიან, ამის გამო სიხარულის გამოხატვა არაადამიანობა და სადიზმია”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებას, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში “ნაკადების ზრდა სწორი ტენდენციაა და საზოგადოებას ამისი კი არ უნდა შეგვეშინდეს, არამედ უნდა უხაროდეს, რადგან ეს სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ლაშა ჩხარტიშვილი - “კალაძე და ხმალაძე დასაჭერები არიან მგზავრობის არაადამიანური პირობების გამო”.

“როგორც ჩანს, თბილისის მერიასა და ივანიშვილის ოლიგარქიულ ხელისუფლებაში სადო-მაზოხისტი და ცინიკოსი პირების რაოდენობა იზრდება, ან ზოგადად მათ მეტყველების პრობლემები გააჩნიათ. ხმალაძის განცხადების სხვანაირად შეფასება გამიჭირდება, რომ მეტროში ჭყლეტვა და ადამიანების გაუსაძლის მდგომარეობაში ჩაგდება ვინმეს უნდა უხაროდეს. საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანების მატების გამო, სიხარულის გამოხატვა კარგი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები მოგვარდებოდა მეტროში, ავტობუსების მომსახურების მიმართულებით და არ შექმნილიყო ტაქსების მონოპოლია. მაგრამ მაშინ, როდესაც კალაძე-ივანიშვილის სატაქსო მონოპოლიის შექმნის მცდელობისა და სატრანსპორტო პრობლემების გამო, მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამარა დარჩა და როდესაც ეს ტრანსპორტი მგზავრთა ნაკადს ვეღარ აუდის და ლამის ადამიანები ტრანსპორტს გარედან ეკიდებიან, ამის გამო სიხარულის გამოხატვა არაადამიანობა და სადიზმია, ზოგადად კარგია, როდესაც მოქალაქებს ურჩევნიათ და დადიან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მაგრამ ეს მაშინაა კარგი, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოსახლეობისთვის საკმარისია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ჩხარტიშვილი.

“ფაქტი სახეზეა, რომ ივანიშვილმა და კალაძემ მოქალაქეები სატრანსპორტო კოლაფსში აღმოაჩინა, საზოგადოებრივ ტრანსპორტის სიმცირეს დაემატა სატაქსო სფეროზე ოლიგარქიული შეტევა და შედეგად მივიღეთ სრული კატასტროფა, საზოგადოება გაუსაძლისი მდომარეობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, იმიტომ რომ პირველ რიგში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ბევრი ხალხის გამო, სუნთქვა ჭირს, რომ არაფერი ვთქვათ იმ დროის დანაკარგზე, რაც აისახება თითოეული ჩვენგანის საქმიანობის ხარისხზე და სხვა პრობლემებზე. კალაძეს, მის მოადგილეებს და მათ პატრონს ივანიშვილს, პრემია-დანამატებში და სხვადასხვა ფუფუნევის საგნებში ფული არ ენანებათ, მაგრამ არ ემეტებათ ისეთი აუცილებელი ხარჯებისთვის, როგორებიცაა მეტროს შემადგენლობების, თუ ავტობუსებისა და სხვა საქალაქო ტრანსპორტის შეძენა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გამოსავალი იმაშია, რომ სატაქსო სფეროზე მოხდეს ხელოვნური ბარიერების მოხსნა, რათა ადამიანებს დასაქმების საშუალებაც ჰქონდეთ და ქალაქში იაფი ტაქსიც დაბრუნდეს, ამის გარდა, რა თქმა უნდა აუცილებელია, რომ მეტროს შემადგენლობების გაუმჯობესებისთვის მეტი თანხები დაიხარჯოს, ასევე ავტობუსების პარკი განახლდეს და მათ უსაფრთხოებაზე იზრუნონ. მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობა სიცოცხლისათვის უკვე საშიშიც გახდა, იმიტომ, რომ ტრანსპორტის გადატვირთულობა ავარიებისა და სხვადასხვა საფრთხის რისკს ზრდის. იმ არაადამიანური პირობების გამო, რომელშიც თითოეული მგზავრი კალაძემ და ხმალაძემ ჩააგდეს, დასაჭერები არიან, რადგან ამ ყველაფრის უკან, გარდა დანაშაულებრივი გულგრილობისა, სატრანსპორტო კორუფციის ნიშნები და შედეგი იკვეთება. ერთის მხრივ კორუფციული სატაქსო რეფორმა, მეორეს მხრივ დაგვიანებული ავტობუსებისა და მეტროშემადგენლობების განახლების სამუშაოები, ამას ემატება საგზაო სამუშაოების კორუფციული ტენდერები, ეს ყველაფერი კი განაპირობებს იმას, რომ დღეს მეტროში და ავტობუსებში ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია”, - დასძენს ჩხარტიშვილი.

მამუკა არეშიძე - “სირიაში ამერიკელებმა ტაქტიკური ინიციატივა რუსეთს დაუთმეს და ვითარებაზე პასუხისმგებელი რუსეთი გახადეს“

“რუსეთ-თურქეთის ათპუნქტიანი შეთანხმება იქიდან გამომდინარე შედგა, რომ ცდილობენ თურქეთს სახე შეუნარჩუნონ და მოცემულ ეტაპზე რუსეთის სრული წარმატება დაფიქსირდეს”, - ამის შესახებ “რეზონანსთან” ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ განაცხადა. სირიის საკითხზე სოჭში ვლადიმირ პუტინისა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ორმხრივი შეხვედრა ურთიერთგაგების მემორანდუმით დასრულდა. მხარეები 10-პუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ. არეშიძის შეფასებით, ამერიკამ სირიის მოვლენებში “ტაქტიკური ინიციატივა” რუსეთს დაუთმო” და აშშ-მ ტაქტიკურად პოზიციები დათმო, თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით პოზიციები ჯერ არ დაუთმია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ამერიკელებმა ტაქტიკური ინიციატივა რუსეთს დაუთმეს, უფრო სწორად კი რუსეთი გახადეს ვითარებაში პასუხისმგებელი“ - მამუკა არეშიძე.

“ეს შეთანხმება გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარეა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებიც არსებობს, რომ ამით როგორმე თურქეთს სახე შეუნარჩუნონ და მოცემულ ეტაპზე რუსეთის სრული წარმატება დაფიქსირდეს, ზუსტად ესაა მნიშვნელოვანი, ცეცხლის შეწყვეტისა და ქურთული საჯარისო ფორმირებების საკითხი რა საკვირველია მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მგონია, რომ ამ დოკუმენტით ეს გადაწყდეს. ამერიკელებმა ტაქტიკური ინიციატივა რუსეთს დაუთმეს, უფრო სწორად კი რუსეთი გახადეს ვითარებაში პასუხისმგებელი, ახლა ამ გეგმის შესრულებაზე ქურთებსა და თურქებს შორის სავარაუდო დაპირისპირებასა და ამ საკითხში ირანის ჩართულობაზე, ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელი რუსეთია, ხანგრძლივი პერსპექტივის თვალსაზრისით, რუსეთი როგორ გამოძვრება, ამ ვითარებიდან კიდევ საკითხავია”, - აცხადებს გამოცმის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რაც შეეხება იმ საკითხს, ამერიკელებმა ახლო აღმოსავლეთ სივრცე დატოვეს თუ არა, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, სირიიდან კი გავიდა (თუმცა ჯერ ბოლომდეც არ გასულან), მაგრამ მას უძლიერესი სამხედრო დაჯგუფება ჰყავს ერაყში. ერაყი კი იქვეა. ამიტომ ამერიკელები ვითარებას შორიდან დააკვირდებიან და ამის მიხედვით იმოქმედებენ. სტრატეგიული თვალსაზრისით ჯერჯერობთ მათ სიტუაცია არ დაუთმიათ, ტაქტიკური თვალსაზრისით დათმეს, ასე რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ესაა ტაქტიკური ქმედების ნაწილი, სტრატეგიულად კი როგორ განვითარდება მოვლენები, მაგის თქმა გამიჭირდება”, - დასძენს არეშიძე.

"სირიის საკითხზე პუტინი-ერდოღანის შეთანხმების ათპუნქტიანი გეგმის მე-5 პუნქტის თანახმად, “23 ოქტომბრის 00:00 საათიდან დაწყებული, სირიის ტერიტორიაზე, სირია-თურქეთის საზღვართან, მშვიდობის წყაროს ოპერაციის მიღმა ტერიტორიაზე, განთავსდება რუსული სამხედრო პოლიცია და სირიის სასაზღვრო სამსახური. ისინი ხელს შეუწყობენ ქურთების ფორმირებებისა და მათი შეიარაღების გაყვანას, სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით, რომელიც უნდა დასრულდეს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 150 საათის შემდეგ. ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება, საზღვრიდან 10 კილომეტრის სიღრმეში. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, მშვიდობის წყაროს ოპერაციის რაიონიდან, გარდა ქალაქ ქამიშლისა”, ხოლო მე-6 პუნქტის მიხედვით “ქურთების ყველა დანაყოფი და მათი შეიარაღება გამოყვანილ უნდა იქნას მანბიჯიდან და თალ რიფათიდან”, - წერს სტატიის ავტორი.

ეკონომიკური ზრდა ლარის გამყარების სასარგებლოდ გაიწირა, მაგრამ ჯერ ესეც ვერ ხერხდება

“ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა, რეფინანსირების განაკვეთი ერთბაშად 2%-ით, 8.5%-მდე გაზარდა. მიზეზად, ლარის კურსზე და ინფლაციაზე წნეხის შემცირება სახელდება. ნახტომისებურად მომატებული განაკვეთი კი ეკონომიკურ ზრდასაც რომ შეანელებს, ეს უკვე თქვა ქვეყნის პრემიერმა. სფეროს სპეციალისტები კი მიიჩნევენ, რომ სებ-მა ცუდსა და უარესს შორის, ცუდი ვარიანტი არჩია. რადგან ეკონომიკური ზრდა საარჩევნო წელს, პირდაპირ არ აისახება მოსახლეობაზე, ლარის კურსისაგან განსხვავებით, ამიტომ არჩევანი კურსის გამყარებაზე შეჩერდა. გუშინ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დამატებით 1 პროცენტული პუნქტით - 8.5%-მდე გაზარდა. ბოლო თვენახევრის განმავლობაში, ეს მესამე ცვლილებაა და ჯამურად მატებამ 2% შეადგინა. მიზეზად უკვე ოფიციალურად სახელდება ლარის კურსის წნეხი ინფლაციურ პროცესზე და მისი შემსუბუქების აუცილებლობა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ეკონომიკური ზრდა ლარის გამყარების სასარგებლოდ გაიწირა, მაგრამ ჯერ ესეც ვერ ხერხდება / მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება შეამცირებს წნეხს ლარის კურსზე, ოღონდ 1 ან 2 კვარტლის შემდეგ.

“საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან კი შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება. “მიზნობრივზე მაღალ ინფლაციას, დროებით ფაქტორებთან ერთად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე გადმოცემა განაპირობებს. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს შემცირებას, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება”, - აცხადებენ სებ-ში. მოკლევადიან პერიოდში ლარის გაუფასურება ვერც რეზერვების გაყიდვამ და ვერც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ რომ ვერ შეაჩერა, ეს ფაქტია. ახლა, მთავარია როგორი იქნება ეროვნულ ვალუტაზე გრძელ და საშუალოვადიან პერიოდში სებ-ის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გავლენა და რა გვერდითი ეფექტები შეიძლება მოჰყვეს მას. ერთ-ერთ ნეგატიურ მომენტზე გადაწყვეტილების მიღებიდან სულ რამდენიმე საათში ქვეყნის პრემიერმაც ისაუბრა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, ასეთი ნაბიჯები უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკის ზრდას, თუმცა ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს. ვფიქრობ, ჩვენი პოზიცია როგორც მთავრობის, არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და რა თქმა უნდა, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება”, - განაცხადა გახარიამ. ეკონომიკური ზრდა, ლარის კურსისაგან განსხვავებით ნაკლებად შესამჩნევია, მით უფრო საარჩევნო წელს. ამიტომ მთავრობა და ეროვნული ბანკი კურსის გამყარების გზას დაადგნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ 2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში, კიდევ მეტად გაიზრდება. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე გაეზარდათ”, - განაგრძობს გამოცემა.

“სხვა საკითხია რა შედეგებს მოიტანს სებ-ის ნაბიჯები. რეფინანსირების განაკვეთი 8.5% არ ყოფილა ბოლო 10 წელია. 9% იყო ბოლოს 2008 წლის დეკემბერში, ანუ აგვისტოს ომის შემდეგ და ყველას ახსოვს, მაშინ რა ეკონომიკური კრიზისი იყო მსოფლიოშიც. ასეთი ნაბიჯები მიუთითებს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყნაში არის უმძიმესი და უარესის მოლოდინი აქვს ხელისუფლებას და სებ-ს, ამიტომ წინასწარ იჭერენ თადარიგს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეს შეამცირებს წნეხს ლარის კურსზე, ოღონდ 1 ან 2 კვარტლის შემდეგ, მაგრამ საკმაოდ უარყოფითი მხარეც აქვს. როგორც ჩანს, სებ-ს არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის მოუწია. მოგეხსენებათ, 2020 წელი საარჩევნოა. ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი არ არის იმდენად ხელშესახები მოსახლეობისათვის, რამდენადაც ლარის კურსი. გადაწყვეტილება აშკარად ამ პრინციპითაა მიღებული”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კეპულაძე.

“გვერდითი ეფექტების გარდა, ეროვნული ბანკის არათანმიმდევრულ პოლიტიკაზე აკეთებს აქცენტს, ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი და არაერთ გადაწყვეტილებას იხსენებს, რომელის გამოსწორებასაც ცენტრალური ბანკი ახლა ცდილობს. “სავარაუდოდ, ინფლაციის კიდევ მატებაა მოსალოდნელი და ამიტომაც გაზარდეს განაკვეთი. აქ მთავარი ისაა, რამდენად თანმიმდევრულია სებ-ი. არ უნდა სჭირდებოდეს, ცენტრალურ ბანკს, ძირითადი საპროცენტო განაკვეთის ასეთი მკვეთრი ცვლილება, გამომდინარე იქედან, რომ ბოლო ორი წელი ლარი უფასურდება და ყველა უკიჟინებს, რომ ნაბიჯებია აუცილებელი. ყურიც კი არ შეიბერტყეს. ბოლო თვენახევარში კი განაკვეთი ზედიზედ 3-ჯერ, 2%-ით გაიზარდა”, - ამბობს ჯანიაშვილი, რომლის აზრით, “ეს ძალიან ცუდია და არათანმიმდევრულობაზე მიანიშნებს”, - დასძენს გამოცემა.

“რაც შეეხება ლარის კურსს, მასზე ზეგავლენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ ამოქმედდა სხვა ინსტრუმენტები. შეიძლება, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცროს, მაგრამ თუ ფულის მასის მიწოდება ისევ გაზარდა, არა მგონია ამან რამე გავლენა მოახდინოს ლარის სიმყარეზე. რა თქმა უნდა, ეს რაღაც დონით შეაჩერებს ეკონომიკურ ზრდას. სამწუხარო კი ისაა, რომ წლის ბოლოს გამოჩნდება ხოლმე მათი გაუცნობიერებელი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ქვეყანა იმკის. ბოლო 2 წლის განმავლობაში, გაზრდილი სარეზერვო მინიმუმი, უცხოურ ვალუტაში, ერთბაშად რომ შეამცირეს, რაც სტრატეგიული ნაბიჯია, ამაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვინმე ერთხელ მაინც თუ დაიბარებს პარლამენტში და ერთ კითხვას დაუსვამს? სამწუხარო ის არის, რომ არავინ მათ ამაზე პასუხს არ სთხოვს”, - დაასკვნის მერაბ ჯანიაშვილი.