ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2019

დავით ზურაბიშვილი - “საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთს “შეეტენოს”

პაატა ზაქარეიშვილი - “მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია საქართველოში პირდაპირ არჩეული”

* * *

დავით ზურაბიშვილი - “საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთს “შეეტენოს”

“მნიშვნელოვანია რა ფონი ახლავს შეხვედრას, ეს შეხვედრა შეიძლება ჩაითვალოს კარგადაც და ცუდადაც. აქ პრობლემა ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად ცდილობდს მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში პროგრესი აქვს, რაც ტყუილია. რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენა და პირისპირ საუბარი საფრთხის შემცველია, თითქოს რაღაცას მივაღწევთ და საქმე უკეთესობისკენ მიდის... ასე ერთი-ერთზე დარჩენითა და საერთაშორისო ფორმატების, ჟენევის ფორმატის იგნორირებით უფრო რუსეთის “გარეცხვას” ვემსახურებით საერთაშორისო ასპარეზზე. იმის წარმოჩენა, რომ რუსეთი რაღაც კონსტრუქციულობას იჩენს და დიალოგშია, არ არ არის მომგებიანი საქართველოსთვის”, - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველოს ხელისუფლება” ცდილობს რუსეთს შეეტენოს” / დავით ზურაბიშვილი: “რუსეთთან ერთი-ერთზე დარჩენა და პირისპირ საუბარი საფრთხის შემცველია”.

“ეს ერთი კონკრეტული შეხვედრა 10-წლიანი პაუზის შემდეგ მოხდა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა განხილულიყო - ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, მნიშვნელოვანი პრეტენზია უნდა იყოს წაყენებული 10 წლის შემდეგ ასეთი რაღაც რომ იწყება. მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ რუსეთისთვის არის სასარგებლო, ხოლო საქართველოსთვის საზიანოა. ბოლო დროს, განსაკუთრებით ბოლო თვეებია, რაც საქართველოს ხელისუფლება ძალიან მკვეთრად გადაიხარა რუსეთისკენ, ყველანაირად ცდილობს რაღაცნაირად მის გული მოიგოს, უხეშად ვიტყვი - “შეეტენოს”. მართალია, ჯერ კიდევ, მადლობა ღმერთს, ვერ ბედავს ამ მიმართულებით უფრო არსებითად წავიდეს, თუმცა გაუგებარია, მეტი რაღა უნდა დავთმოთ? რუსეთმა, დამოუკიდებლობის გარდა ყველაფერი წაგვართვა. აშკარაა, ხელისუფლებას მცდელობა აქვს რუსეთთან რაღაცნაირად დაათბოს ურთიერთობები უფრო იმიტომ, რომ რუსეთის მხარდაჭერა დაიგულოს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს იყოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“არ მგონია, ეს შეხვედრა უკავშირდებოდეს 2020 წლის არჩევნებისთვის პრორუსულად განწყობილთა ხმების მობილიზებას ან მოსახლეობაში პრორუსული განწყობები ასეთი დიდი იყოს. ეს უფრო იყო რუსეთის ხელისუფლების გულის მოსაგებად - რომ რუსეთის ხელისუფლებამ უერთგულოს არჩევნებზე. ხოლო ვინც პრორუსულად არის განწყობილი, ის ისედაც “ოცნებას” უჭერს მხარს ან "პატრიოტთა ალიანსსა" და ნინო ბურჯანაძეს. არ ვფიქრობ, რომ ამ მაჩვენებელმა არჩევნებისთვის მოიმატოს. რუსეთისადმი კონსტრუქციული ურთიერთობების დემონსტრირებით საარჩევნო ხმების დაგროვება ვერ მოხდება”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ლავროვის განცხადებებს, ფრენების აღდგენაზე საუბრით, რა თქმა უნდა, ის ამ ტენდენციებს ახალისებს, ეს ყველაფერი მათთვის ხელსაყრელია, ჩვენთვის კი საზიანო... ლავროვმა იცის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ნატოში გაწევრიანების დიდი ენთუზიაზმი მაინცდამაინც არ ეტყობა, თუმცა არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ რუსეთისთვის მიუღებელია ნატოში საქართველოს გაწევრება”, - დასძენს დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - “ხელისუფლების არგუმენტია, რომ წინა ხელისუფლებას რუსეთთან დესტრუქციული ურთიერთობა ჰქონდა, რასაც ომი მოჰყვა. ჩვენი პოლიტიკა უფრო რბილია და ამით ვინარჩუნებთ პოზიციას, რომ ომი არ გვაქვს...” - პასუხობს:

“წინა ხელისუფლების ზოგჯერ მართლაც გადაჭარბებული ემოციების, ლანძღვის მიზეზით არ მომხდარა ომი, სულ სხვა მიზეზები იყო, ბევრად რთული... არავინ ითხოვს, რომ რუსეთის მიმართ აგრესიული პოლიტიკაც გვქონდეს, მაგრამ საუბარია საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებზე, რომელთა მიმართაც რუსეთის განწყობა უცვლელია. როდესაც რუსეთი პოზიცია უცვლელია, პირიქით - ნეგატიურია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ და ამ დროს ჩვენ წარმოვაჩინოთ, რომ საქართველო და რუსეთი შევრიგდით, კარგი ურთიერთობებისკენ მივდივართ - ეს პრინციპულად არ არის სწორი. ისტორიული გამოცდილებაც გვეუბნება, რომ ჩვენი მხრიდან ცალმხრივი დატკბობა არ ამართლებს, არავითარი სასიკეთო შედეგი მას არ მოაქვს. მსგავსი რამ შევარდნაძის პერიოდშიც კეთდებოდა, მაგრამ ამის გამო რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა... ხელისუფლებაში არც პოლიტიკური გამოცდილება აქვთ და არც ისტორია იციან...”

პაატა ზაქარეიშვილი - “მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია საქართველოში პირდაპირ არჩეული”

უკვე დიდი ხანია, პრეზიდენტისგან კარგს არაფერს ველოდები. გამიკვირდებოდა, კარგად რომ გამოსულიყო. გამოვიდა ისე, პრინციპში როგორც ველოდი მე და ალბათ ყველა. ცის რა გაუკვირდა - ვერ ვხვდები. პრეზიდენტის ამოცანაა, როგორმე კარგად მივიდეს პენსიამდე. გაინაღდა საპენსიოდ კარგი თანამდებობა და მთავარი ამოცანაა, არც მწვადი დაწვას არც შამფური, თუმცა ამას ნამდვილად ვერ ახერხებს - მწვადსაც წვავს და შამფურსაც. რადგან ევროპაში გაზრდილი პოლიტიკოსი იყო, მე მისგან მეტს ველოდი თავის დროზე, თუმცა უკვე დიდი ხანია კარგს არაფერს ველი...”, - აცხადებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პრეზიდენტის ამოცანაა როგორმე კარგად მივიდეს პენსიამდე” / პაატა ზაქარეიშვილი: “მას რომ მართლა ფუნქციები ჰქონდეს, წარმოგიდგენიათ, რას დაატეხდა თავს ამ ქვეყანას?”

“როგორც კი ჩააფლავა და ასე ასწია ტემპერატურა სასაზღვრო დაპირისპირებაში დავითგარეჯთან დაკავშირებით და მერე უტიფრად თქვა, კარგი ვქენი, რომ მივედი საზღვარზეო, მივხვდი - მისგან არაფერი გამოვა. აღარარაფერს ვამბობ შეწყალების თემაზე. როცა მართლაცდა გამაოგნებელი შეცდომა დაუშვა და დღემდე არ ხსნის, თუ რატომ მოაწერა ხელი ორი თუ სამი მკვლელის შეწყალებას, მორატორიუმი გამოუცხადა კანონს და ათასობით ადამიანი დააყენა უპერსპექტივობის წინაშე. ერთიმეორეზე მცდარ ნაბიჯებს დგამს. ჩემთვის ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია შეწყალების ეპიზოდი, ვიდრე გაეროში გამოსვლა. გაეროში რაც არ უნდა კარგად გამოსულიყო, ახალი არაფერი იქნებოდა - სააკაშვილი რომ ეფექტურად გამოდიოდა, შედეგები რა იყო? არც არაფერი... ასეთი საკითხები გვარდება კულუარულად... რომ განაცხადა, ჟენევის ფორმატი უნდა შეიცვალოსო, რა ფორმით - ამაზე არ ამოუღია ხმა, ახსენა კონფლიქტის მხარეები და არ თქვა, ვინ არიან ეს მხარეები - ისეთი ტექსტი ჰქონდა, რომ ვერ გაიგებდი რისი თქმა უნდოდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“აშკარად შეგნებულად დაიწერა ტექსტი, რომ არაფერი ეთქვა - აი, ეს იყო მისი ამოცანა. დიახ შეგნებულად დაწერილი ტექსტი იყო. ის გვეუბნება - “მაცალეთ, ჩავმათავრებ პრეზიდენტობას და და კარგად იყავით თქვენც და მეც კარგად ვიქნებიო. ვერ ირგებს პრეზიდენტობას და თუ რამეს ამბობს, ამბობს არასწორს, რეალობასთან შეუსაბამოს, ხოლო თუ შეწყალებას აკეთებს, აკეთებს უბედურზე უბედურს... მე არც მაგრველაშვილით ვიყავი აღტაცებული, მაგრამ მასთან ერთად მიმუშავია და უფრო კონსტრუქციული ნაბიჯები ჰქონდა - მარგველაშვილთან ერთად პატიმრები გავათავისუფლეთ ცხინვალისა და სოხუმის ციხეებიდან და ის ძალიან დამეხმარა...” - ამბობს კონფლიქტოლოგი.

“მე ყოველთვის მომხრე ვიყავი პრეზიდენტობის ინსტიტუტის გაუქმების იმ ფორმით, როგორიც ადრე იყო და მადლობა ღმერთს, სალომე ზურაბიშვილი ბოლო პრეზიდენტია საქართველოში პირდაპირ არჩეული. ქვეყანა ამის შემდეგ გადავა სუფთა საპარლამენტო მმართველობაზე. კიდევ კარგი, მინიმალური ფუნქციები აქვს აქვს სალომე ზურაბიშვილს. მას რომ ფუნქციები არ შეჰკვეცოდა, წარმოგიდგენიათ, რას დაატეხდა თავს ამ ქვეყანას! მისგან ყოველთვის ცუდის მოლოდინში ვარ და თვალდახუჭული ველოდები, როდის წავა პოლიტიკიდან”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.