ქართული პრესის მიმოხილვა 06.09.2019

ვახტანგ გომელაური - შსს-ში მიმდინარეობს ე.წ. სისტემური განახლების პროცესი
უნიკალური შანსი საქართველოსთვის - აშშ-ს რევოლუციური ენერგეტიკული შეთავაზება ევროპას
***
ვახტანგ გომელაური - შსს-ში მიმდინარეობს ე.წ. სისტემური განახლების პროცესი
“პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში, შს მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს. გომელაურმა სისტემური განახლების პროცესზე ისაუბრა, რომელიც მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს. როგორც შს მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში აღნიშნა, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები შეეხება სამინისტროს ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს, კრიმინალურ, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვახტანგ გომელაური - შსს-ში მიმდინარეობს ე.წ. სისტემური განახლების პროცესი / რა გზავნილებით წარსდგა შს მინისტრობის კანდიდატი პარლამენტარების წინაშე
"წარმოგიდგენთ შსს-ს სიახლეებს, რეფორმებს, რა გატარდა აქამდე და მომავალში რა იგეგმება. ჩვენი მიზანია ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ამავდროულად, მოქალაქეების მხრიდან სამართალდამცავი სტრუქტურის მიმართ ნდობის შემდგომი ამაღლება. „როგორც ცნობილია, ამ მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს ე.წ. სისტემური განახლების პროცესი, რომლის მიზანია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფა. სისტემური განახლება მოიცავს სტრუქტურულ რეფორმებს, ასევე შინაარსობრივ და საკანონმდებლო ცვლილებებს. ამასთან, თითოეული ცვლილება ეფუძნება ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა საპოლიციო საქმიანობის ხარისხი, ადამიანის უფლებები და ეფექტიანობა. „სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები შეეხება სამინისტროს ყველა ძირითად საპოლიციო დანაყოფს, როგორიცაა: კრიმინალური და საპატრულო პოლიცია, სასაზღვრო პოლიცია. რეფორმირების პროცესში ხორციელდება სისტემის სრული ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საკანონმდებლო ბაზის დახვეწა," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა”, - აღნიშნავს გამოცემა.
"ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში, კრიმინალურ პოლიციაში მიმართულებების გამიჯვნის პარალელურად, უნდა გაიზარდოს არსებულ გამომძიებელთა კვალიფიკაცია და სისტემაში ინტენსიურად მოხდეს ახალგაზრდა, მოტივირებული კადრების მოზიდვა და მათი პროფესიული მომზადება. გომელაურის თქმით, იგეგმება საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობის გაზრდა, ექსპრესმომსახურების მობილურ სერვისცენტრების ამოქმედება ისეთ რაიონებში, სადაც შეზღუდულია საპატრულო პოლიციის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. როგორც გომელაური აცხადებს, საგზაო მოძრაობის წესების ადმინისტრირების გაუმჯობესების მიზნით, მობილური აპლიკაციის შექმნა იგეგმება, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, დააფიქსიროს და მიაწოდოს საპატრულო პოლიციას მის მიერ გამოვლენილი საგზაო მოძრაობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ შს სამინისტროში ხელფასების ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება. როგორც გომელაურმა აღნიშნა, სამინისტროს გამართული ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება”, - განაგრძობს გამოცემა.
"სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამ მიზნით, სამინისტროში არაერთი აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, დაინერგა ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სისტემაში ახალი მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება. ანაზღაურება გაეზარდა 22 ათას თანამშრომელს, მათ შორის ოპერატიული მიმართულებით მომუშავე პირებს, დაცვის პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს. ხელფასების ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ყოველივე ზემოხსენებული ემსახურება სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას. თუმცა, ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმის ფარგლებში იგეგმება შემდგომი აქტივობები. ჩვენ ვგეგმავთ, გავაუმჯობესოთ სამსახურში მიღების წესი. პოლიციის აკადემიის ბაზაზე პერმანენტულად განხორციელდება სამინისტროს თანამშრომლების მომზადება/გადამზადება. განვითარდება საგანმანათლებლო პროგრამები საპოლიციო საქმიანობაში იდენტიფიცირებული გამოწვევების ადეკვატურად. კარიერული წინსვლა დაეფუძნება ობიექტურ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს, დამსახურებასა და კვალიფიკაციას. პოლიციელთათვის გაუმჯობესდება სოციალური დაცვის მექანიზმები და ეტაპობრივად გაიზრდება მათი ანაზღაურება. ამასთანავე, განვითარდება სტაჟირების სისტემა, რაც უზრუნველყოფს სამინისტროში მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვას," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა”, - დასძენს გამოცემა.
"შს მინისტრობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა იმ მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც სპეცოპერაციისას ორმხრივი ცეცხლის პირობებში ხანძარს აქრობდნენ. მისი თქმით, ამ კუთხით, ეფექტიანობის გაზრდისთვის დაგეგმილია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საოპერაციო რესურსების განვითარება, მზადყოფნის დონის ამაღლება და რეაგირების ხარისხის გაზრდა. როგორც მან აღნიშნა, სახანძრო-სამაშველო ობიექტების მშენებლობა ანაკლიაში, ზუგდიდში, მარტვილში, სიღნაღში, ბორჯომში, ჩოხატაურში, ჩხოროწყუსა და აბასთუმანში იგეგმება. გომელაურის თქმით, სანაპირო დაცვის შესაძლებლობებისა და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის განვითარება კვლავაც გაგრძელდება. "დღეს ჩვენი სანაპირო დაცვა ძლიერია და ეს დიდი დამსახურებაა ამერიკული მხარის. როცა ირაკლი ღარიბაშვილი იყო მინისტრი, ვიყავი საზღვრის კურატორი. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და დღეს რომ არსებობს სანაპირო დაცვა, ძალიან დიდი დამსახურებაა ამერიკული მხარის - ბათუმის ახალი პორტი, ფოთის გაძლიერებული პორტი და ა.შ.",-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. ჟურნალისტებთან გომელაურმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალებაზე. სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულ რამაზ დევაძის შეწყალების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას საპასუხოდ მან განაცხადა, რომ ეს ფაქტი მისთვის მიუღებელია. მძიმე დანაშაულის ჩამდენი მსჯავრდებულების შეწყალება არ უნდა ხდებოდეს. კითხვაზე, გრძნობს თუ არა სუს-ის უფროსი, თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე პასუხისმგებლობას, შს მინისტრობის კანდიდატმა იპასუხა: „კითხვას მე ასე შემოგიბრუნებთ, ჩატაევი და მისი თანამზრახველების მკვლელობაზე რატომ არ ვგრძნობ პასუხისმგებლობას? მაგას რატომ არ მეკითხებით, ეს არ არის საინტერესო? ყველა ვინც იქ დაიღუპა, ვინც ჩატაევის გვერდით იყო, მათი ოჯახებიც საუბრობენ ჩეჩნეთში, ზოგი რუსეთში და ზოგი გერმანიაში. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, თემირლანი მოტყუებით იყო ამ ჯგუფთან ჩათრეული. ის იყო 18 წლის ბავშვი. ჩატაევი იყო გამოცდილი პიროვნება. ნაომარიც, მეომარიც და ა.შ.”, - წერს გამოცემა.
"ყველაზე მარტივია გააკეთებინო არასრულწლოვან 15-17 წლის ადამიანს კრიმინალური დანაშაული, ვიდრე 30-40 წლის კაცს. მას ჰქონდა ხელყუმბარა, არ ჰქონდა, უნდა აეფეთქებინა თუ არა თავი - ამას პროკურატურა იძიებს, ამაზე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო, უკაცრავად?! თუ იტყვიან რომ დამნაშავეა, დაისჯება და ჩაჯდება ციხეში, მე რატომ უნდა ავიღო პასუხისმგებლობა?! ერთი რაღაც მინდა ყველამ იცოდეს - არსებობს სისხლის სამართლის კანონი, ასევე იარაღის გამოყენების კანონი. მე როცა ვარ პატრულის თანამშრომელი, იგივე სპეცრაზმელი, მაქვს იარაღი, იქ მე არ ვეკითხები არც მინისტრს და არც ჩემს ხელმძღვანელს, როცა შევდივარ ოთახში, ტერორისტი იქნება თუ კრიმინალი, როგორ უნდა მოვიქცე, იქ ჩემი თავის მინისტრიც მე ვარ და მე ვწყვეტ ვესროლო თუ არა. მე რომ გავისვრი, მე უნდა ვაგო პასუხი და არა ჩემმა მინისტრმა და ჩემმა დეპარტამენტის უფროსმა," - განაცხადა გომელაურმა. მისთვის ასევე მიუღებელია იმის თქმა, რომ 20 ივნისს მხოლოდ მოქალაქეები იყვნენ მართლები და პოლიციელებმა დააშავეს. ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში, იქნება ეს მოქალაქე, თუ პოლიციელი, ყველამ პასუხი უნდა აგოს. 20 ივნისს რაც მოხდა, ძალიან სამწუხაროა. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დაზარალდნენ როგორც მოქალაქეები, ასევე პოლიციელები. 80-ზე მეტი პოლიციელი მეორე დღეს საავადმყოფოში იწვა და მკურნალობდა, ასევე ერთ-ერთმა პოლიციელმა საერთოდ მხედველობა დაკარგა და მეორეს მხედველობის რაღაც პროცენტები დარჩა. ძალიან ცუდია, რომ მოქალაქეები დაშავდნენ. ძნელი იყო კონტროლირება. რომ დამთავრდება ყველაფერი, მერე ადვილია თქმა, ეს ასე რატომ ქნეს, ისე რატომ არ ქნეს. ძალიან რთული იყო. 26-ე წელია, ვმუშაობ და როცა შენს მეწყვილეს ხედავ, რომ ათეულობით ადამიანი იტაცებს, გაჰყავს და უკაცრავად და ფეხით თელავენ, აგლიჯავენ ჩაფხუტებსა და ფორმას, ცემენ - შეიძლება გადაცდომები იყო და იყო კიდევაც. პროკურატურა და სასამართლო არსებობს. პასუხი უნდა აგოს აუცილებლად ყველამ. ის, რომ მარტო მოქალაქეები იყვნენ მართლები და პოლიციელებმა დააშავეს, ასე არ შეიძლება, მივუდგეთ. ის ადამიანები იქ იდგნენ და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, რიგითიდან დაწყებული, მინისტრით დამთავრებული. მართლა დაიცვეს სახელმწიფოებრიობა. ალბათ 20 წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა”, - წერს სტატიის ავტორი.
უნიკალური შანსი საქართველოსთვის - აშშ-ს რევოლუციური ენერგეტიკული შეთავაზება ევროპას
“რუსეთი, ევროპის ქვეყნებში თავისი მიზნის მისაღწევად ეკონომიკურ ბერკეტებს იყენებს, მისი, როგორც იმპერიის მიზანია ევროპის ქვეყნები მასზე უფრო მეტად ენერგოდამოკიდებულები გახდნენ, რათა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, რაც რუსეთის პირდაპირი მიზანია. აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ენერგოდამოკიდებულების თემის წამოჭრა, ევროპის ქვეყნებისთვის მთავარი გზავნილი იყო. "რუსეთი საქართველოსა და უკრაინის დიდი ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთი ჩვენი ალიანსის დაშლას ცდილობს უკვე ნავთობის და გაზის მარაგების გამოყენებით. პოლონეთს მტკიცე პოზიცია აქვს და ჩვენ მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა უნდა მოვახერხოთ."- განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, უნიკალური შანსი საქართველოსთვის - აშშ-ს რევოლუციური ენერგეტიკული შეთავაზება ევროპას / “ჩვენ ახლოს ვართ, რომ ვიყოთ ენერგეტიკული ჰაბი, თუნდაც რეგიონალურ დონეზე”
"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან", ევროპის ქვეყნების რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის რესურსებზე საუბრობს. „აშშ-მ, პოლონეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს,რომლის მიხედვითაც მოხდება უკრაინისათვის დაახლოებით 6 მლრდ კუბური მეტრი თხევადი გაზის მიწოდება, ანუ აშშ-დან თხევადი გაზი ტანკერების მეშვეობით იქნება გადაზიდული პოლონეთის პორტში, სადაც თხევადი გაზის პლატფორმაა, საიდანაც თხევადი გაზის მიწოდება რევერსული სისტემით მოხდება პოლონეთიდან უკრაინაში. ენერგოპოლიტიკაში ფაქტობრივად მოხდა მესამე ტექნოლოგიური რევოლუცია, როდესაც ფიქლური დამუშავებით მოხდა თხევადი გაზის ტექნოლოგიებზე გადასვლა, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ენერგოუსაფრთხოების პრინციპები. ამის საშუალებით, აშშ-ს გაუჩნდა ფიქლურ გაზზე ხელმისაწვდომობა, მან განავითარა თხევადი გაზის ტექნოლოგიების ათვისება, ამან შექმნა ის პრცენდენტი, რომ აშშ პირველად ყველაზე მსხვილ ენერგომომხმარებლიდან გადაიქცა ყველაზე მსხვილ ენერგომწარმოებლად, ეს ძალიან სერიოზული ვითარებაა”, - აღნიშნავს გამოცემა
"იმ შემთხვევაში თუ, "ჩრთილოეთ ნაკადი 2"-ის პროექტი განხორციელდება,როდესაც რუსეთი გერმანიას და ევროკავშირის ქვეყნებს მიაწვდის 35 მლრდ კუბურ მეტრ გაზს, ამით ჩაჭრის უკრაინას,როგორც მთავარ სატრანზიტო ქვეყანას, ფაქტიურდ, ამით რუსეთი შეეცდება უკრაინა გამორიცხოს,როგორც ნავთობის ტრანზიტული ქვეყანა, აქედან გამომდინარე, უკრაინა ფაქტიურად რჩება გაზის მიწოდების გარეშე და ამან შესაძლოა მას შეუქმნას საფრთხე ენერგოუსაფრთხოების მოწყვლადობის კუთხით. ზუსტად ეს პრობლემა რომ დაძლეულიყო, ამერიკამ უკრაინას აღნიშნული პრობლემის ამ გზით მოგვარება შესთავაზა. „უკრაინამ ამერიკული თხევადი გაზი შესაძლოა მომავალში ყატარიდან, ალჟირიდან და ნორვეგიიდან მიიღოს, ანუ იმ ქვეყნებიდან, საიდანაც მას არ გააჩნია პირდაპირი სახმელეთო ენერგომილსადენების წვდომის საშუალება და უკვე პოლონეთში არსებული მილსადენების მეშვეობით, მოხდეს მისი უკრაინაში ტრანსპორტირება, ამით ფაქტიურად, უკრაინის ენერგომომარაგების უსაფრთხოების პირობები იქნება უზრუნველყოფილი."-აცხადებს ექსპერტი. მისივე შეფასებით, რუსეთის მთავარი იდეა ის არის, რომ უკრაინას ბუნებრივი აირის მარაგები შეუმციროს, რათა მას საერთაშორისო ასპარეზზე სატრანზიტო სტატუსი გაუქროს”, - განაგრძობს გამოცემა.
"უკრაინის ბუნებრივი აირის მოხმარებაზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოსი, საქართველოში მისი მოხმარება შეადგენს 2.2 მლრდ კუბურ მეტრს, ხოლო უკრაინაში 6 მლრდ კუბურ მეტრს. რუსეთი ვერ შესძლებს, რომ უკრაინა ენერგომომარაგებისგან მთლიანად გამოთიშოს, მას უბრალოდ შეუმცირებს მომარაგებას. ეს ფაქტი უკრაინის გაზის საცავების მარაგს შეამცირებს, მას სამხრეთით ჩერნიგოვისა და პოლტავას მიდამოებში აქვს სპეციალური გაზსაცავები, რომელ საცავებსაც შეუძლიათ 10 მლრდ კუბური მეტრის გაზის შენახვა, უკრაინამ 2009-2013 წლებში ეს საცავი უკვე გამოიყენა, როდესაც რუსეთმა მას ენერგოომი გამოუცხადა. რუსეთის მთავარი იდეა და ამოცანაა, რომ უკრაინას ეს მარაგები შეუმციროს, მისი მძლავრი სატრანზიტო სტატუსი დააქვეითოს და შემდგომში, თანდათანობით საერთოდ ამოშალოს, ეს ამოცანა, რომ არ იქნას მიღწეული და უკრაინას ჰქონდეს გაზის საკმაო მარაგები, ზუსტად ამიტომ ამერიკელებმა მათ ასეთი წინადადება შესთავაზეს”, - დასძენს გამოცემა.
"რუსეთსაც გააჩნია თხევადი გაზის ტექნოლოგიები, იგი აპირებს, რომ არქტიკის რესურსებზეც განახორციელოს პირდაპირი წვდომა და გაზარდოს თავისი მწარმოებლურობის მასშტაბები, რომლითაც ცდილობს, რომ გახდეს სუპერ ენერგოგიგანტი სახელმწიფო.. "კრემლმა მიიღო საინტერესო დოკუმეტი, რომელსაც ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა, ეს დოკუმენტი რუსეთის ენერგოუსაფრთხოების დოქტრინაა, სადაც პირდაპირ წერია, რომ რუსეთი გამოიყენებს სამხედრო ძალას და მათ შორის შეიარაღებულ ძალებს, თავისი ენერგოუსაფრთხოების მისიების მისაღწევად."-ამბობს იგი. მაისაია ამბობს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის პერპექტივისთვის ღრმაწყლოვანი პორტია საჭირო, რათა თხევადი გაზის პლატფორმა იქნას დამონტაჟებული. „ჯერჯერობით საქართველოს მიმართ ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, ამ პროექტში საქართველო იქნებოდა ანაკლიის პორტის არსებობის შემთხვევაში, იმისათვის, რომ თხევადი გაზის პლატფორმა იქნას დამონტაჟებული რომელიმე საზღვაო პორტში, ამისთვის აუცილებელია ღრმა პორტის არსებობა - ზუსტად აქ არის "ძაღლის თავი დამარხული", - წერს გამოცემა.
"როგორც ჩანს ანაკლიის პორტზე მიდის თხევადი გაზის პლატფორმის რეალიზაციის ბრძოლა და რამოდენიმე ენერგოგიგანტი ქვეყნის ინტერესებია დაპირისპირებული, კონსორციუმში ამერიკული მხარე ამ მიზანსაც ითვალისწინებდა, როდესაც ანაკლიაში აპირებდნენ ღრმა პორტის აშენებას. ანალოგიური პროექტი უკრაინაშიც კეთდებოდა, ნიკოლაევის პორტზეა საუბარი,ზუსტად ამიტომაც რუსეთმა აზოვის ზღვაზე განახორციელა დესტრუქციული ქმედებები, მოახდინა აზოვის ზღვის ჩაკეტვა და პორტის დაბლოკვა. საქართველოს ორი ენერგომომწოდებელი ჰყავს - აზერბაიჯანი და რუსეთი, აქ ერთი ნიუანსია, რომ აზერბაიჯანი და რუსეთი შესაძლოა შეთანხმდნენ და მათ გარკვეულწილად მოახდინონ საქართველოზე ზეწოლა, რომელიმე მხარის სასარგებლოდ. ამიტომ, ყველაზე კარგი ვარიანტია, ჩვენ გვყავდეს დამოუკიდებელი ენერგომიმწოდებელი, ამერიკის, ალჟირის და ყატარის სახით, რომლებიც მოგვაწვდიან თხევად გაზს. საქართველოს შეუძლია გახდეს ენერგეტიკული ჰაბი - ჰაბისთვის არის სამი პირდაპირი პირობა, პირველი არის ის, რომ უნდა იყოს ენერგეტიკული სატრანზიტო კომუნიკაციების მაღალი ბმა, როგორი ბმაც ჩვენს ტერიტორიაზე უკვე გადის (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი/ბაქო-თბილისი-ერზრუმი) და თუ მოხდება თხევადი გაზის პატფორმის დამონტაჟება, ეს კიდევ უფრო მოახდენს ჩვენი ტრანზიტულობის გაზრდას. მეორე აუცილებელი კომპონენტია - მძლავრი ნავთობტერმინალების, ან გაზის საცავების არსებობა, და მესამე პირობაა, პოლიტიკური სტაბილურობა, ეს სამი პირობა თუ გარანტირებულია, ქვეყანას შეუძლია გახდეს ენერგეტიკული ჰაბის სტატუსის მატარებელი, რომელიც ახალი ტერმინია. ასე რომ, ჩვენ ახლოს ვართ იმასთან, რომ ვიყოთ ენერგეტიკული ჰაბის სტატუსის მქონე სახელმწიფო, თუნდაც რეგიონალურ დონეზე. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკული ჰაბის სამი დონე არსებობს ლოკალური,რეგიონალური და საერთაშორისო."- აცხადებს მაისაია, - წერს სტატიის ავტორი.

























