გამოფენა Birdfair-ის დამფუძნებელი აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალს ესწრება

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. რეგიონის თავზე ათასობით მტაცებელი ფრინველის მიგრაციას უცხოელი და ქართველი ორნითოლოგები, ფრინველებზე დამკვირვებლები და ეკოტურისტები რამდენიმე პლატფორმიდან აკვირდებიან.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, რეგიონში იმყოფება მსოფლიოში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალ Birdfair-ის დამაარსებელი ტიმ ეპლტონი, რომელმაც კოლეგებს ფრინველთა კონსერვაციისა და ეკოტურიზმის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია წარუდგინა. ფესტივალს, ასევე ესწრება შუა აღმოსავლეთსა და კავკასიის რეგიონში ფრინველებზე დაკვირვების ასოციაციის პრეზიდენტი რობ შელდონი და ბლოგერი, ექსპერტი მაიკ ჰენდერსონი.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი აჭარაში 2 სექტემბერს გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში, დაინტერესებული პირებისთვის ყოველდღიურად ეწყობა შემეცნებით-გასართობი ტურები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმებზე. დღეს, სახალვაშოს პლატფორმაზე, 12-სა და 15.00 საათზე, დაგეგმილია შემეცნებითი, მხიარული თამაშები ბავშვებისთვის, რომლის მიზანიც ფრინველთა დაცვისა და დაკვირვების მიმართულებით მოზარდების ცნობიერების ამაღლებაა.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება და ის 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

























