სამტრედიაში ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სამტრედიაში ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

სამტრედიაში ნავთობბაზაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, სამტრედიაში ხანძარი ნავთობბაზაზე საწვავით სავსე, 1000- ტონიან რეზერვუარს გაუჩნდა და არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხეც.

„ბაზის ტერიტორიაზე 17 რეზერვუარია, ჯამში 32 000 ტონა საწვავით, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, სწრაფად მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ადგილზე იმერეთიდან და სამეგრელო - ზემო სვანეთიდან 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 70-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

ხანძრის ლოკალიზების შემდეგ სალიკვიდაციო სამუშაოები, ქაფის და დაგრილების მეთოდით გაგრძელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება სსკ 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.