გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში აქცია გამართეს

გარდაცვლილი ახალგაზრდის შოთა ცირგაიას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის ეზოში აქცია გამართეს. ისინი ცირგაიას სიკვდილში ექიმს ადანაშაულებენ. ცირგაის დედის ირინა წურწუმიას თქმით, შვილის გარდაცვალებიდან სამი წელი სრულდება და პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღო, არის თუ არა დამნაშავე ექიმი.
"სამი წლის წინ დავკარგე 19 წლის შვილი უბრალო გაციების გამო. სამი წელი სრულდება და ჯერ ოჯახს არ გვაქვს პასუხი, არის თუ არა დამნაშავე ექიმი. ბევრ რამეს ვითხოვთ? დაასრულოს ექსპერტიზამ თავისი საქმე, ნუთუ ამდენი დრო სჭირდება ერთი საქმის გადახედვას. ექსპერტიზის პასუხი არის რომ შოთიკო გარდაცვლილია ჟანგბადის უკმარისობის გამო“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა ირინა წურწუმია.
გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კომენტარს არ აკეთებენ.
ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში 2016 წლის 17 ნოემბერს მოათავსეს, პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობის შემდეგ ავადმყოფი სახლში გაწერეს, თუმცა მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში დამძიმდა და კვლავ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 30 ნოემბერს კი პაციენტის თბილისში გადაყვანა გახდა აუცილებელი, თუმცა ის რეფერირებისას გარდაიცვალა.

























