ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2019

ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2019

ლაშა ჩხარტიშვილი - “გახარიას გაპრემიერება ერთი-ერთში სააკაშვილის დანაშაულის განმეორება იქნება”

თეონა აქუბარდია - “საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ კრახით დასრულდა”

* * *

ლაშა ჩხარტიშვილი - “გახარიას გაპრემიერება ერთი-ერთში სააკაშვილის დანაშაულის განმეორება იქნება”

"როცა ქვეყანაში არის აუტანელი სოციალური მდგომარეობა, რაც გამოწვეულია ხელისუფლების თავგასულობით, კორუფციული ბაკქანალიითა და მფლანგველობით, როცა გეტოდ გადააქციეს საქართველო, ასეთ დროს ხელისუფლებას ყოველთვის უწევს მიმართოს ძალადობას. მოსალოდნელიც იყო რომ ივანიშვილს მოუწევდა საკუთარი მმართველობის სისხლიან რეჟიმად გარდაქმნა, რისი დასტურიც იყო 20 ივნისის მოვლენები. ივანიშვილს ჰქონდა ერთადერთი არგუმენტი, რითაც ის ცდილობდა საზოგადოებაში უკეთ წარმოეჩინა თავი, ვიდრე იყო სააკაშვილის რეჟიმი და მან ეს კოზირიც გაუშვა ხელიდან”, - აცხადებს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშივილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “გახარიას გაპრემიერება სააკაშვილის დანაშაულის განმეორება იქნება” / ლაშა ჩხარტიშვილი: “ხაზარაძესთან დაპირისპირებით ივანიშვილმა ჩაშალა ანაკლიის ამერიკული პროექტი”.

“თუ ივანიშვილი შეეცდება ძალით შეინარჩუნოს ხელისუფლება, მას მოუწევს ძალადობრივ რეჟიმად ჩამოყალიბება. მან დაიწყო კიდეც რეპრესიები, მაგრამ არ გამოუვა... ვნახეთ ყოვლად მიუღებელი შერჩევითი სამართალი, როცა არც ერთი პოლიციელი არ დასჯილა 20 ივნისის საქმეზე, 20-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე კი ამ საქმის გამო დღემდე ციხეშია და მათ პატიმრობა ელოდებათ. ასევე ვნახეთ ჩვენთვის სიმპათიური თუ არასიმპათიური ადამიანების მიმართ გამოტანილი პოლიტიკური განაჩენები და მათთვის წაყენებული ბრალი, იქნება ის ხაზარაძე, ოქრუაშვილი თუ სხვანი... ივანიშვილი სულ უფრო და უფრო მიექანება პოლიტიკური ჯოჯოხეთისკენ, რასაც ჰქვია სისხლიანი რეჟიმი. ის ცდილობს დააშინოს საზოგადოება, დააშინოს პოლიტიკური კლასი, დააშინოს მედია, დააშინოს არასამთავრობო ორგანიზაციები და ამის ნიშნები დღეს აშკარად სახეზეა. მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს კი, პირდაპირ გეტყვით, რომ არანაირი მნიშვნელობა არა აქვს - ყველამ იცის, რომ თვითგამოცხადებული პრეზიდენტიც, პარლამენტის თავმჯდომარეც, პრემიერიც, მეფეც და იმპერატორიც არის ბიძინა ივანიშვილი. რომელ მარიონეტს რომელ სკამზე დასვამს, ამით არაფერი იცვლება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ჩხარტიშვილი.

“ბახტაძე იხვეწებოდა, ჩემი გადაყენება მოითხოვეთო 20 ივნისის შემდეგ, მაგრამ არავის მოსვლია აზრად თავში, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ფორმალურად პირველი პირია, დაედანაშაულებინა რამეში იმიტომ, რომ არავის არაფერი ეკითხება ამ ქვეყანაში, გარდა ივანიშვილისა. თუ ის გახარიას გაპრემიერებას გაბედავს, ეს იქნება მორიგი ცინიკური და აგრესიული ნაბიჯი საზოგადოების წინააღმდეგ, რითაც ის შეეცდება დაგვანახოს თავისი ძალა და თქვას, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს საზოგადოების მოთხოვნას. ასე ეგონათ სააკაშვილსაც და მერაბიშვილსაც, მაგრამ სად არის დღეს მერაბიშვილი კარგად ვიცით და მის გვერდით საკანი ელოდება გახარიას! სწორედ ასე დასრულდება ეს ამბავი”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “არის ვარაუდი, რომ დღეს ვანო ჩხარტიშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი უგეგმავენ ივანიშვილს დღის წესრიგს და ეს საკადრო ცვლილებებიც მათი ინიციატივით ხდება” - პასუხობს:

“ვანო ჩხარტიშვილი არის მსხვილი დამნაშავე, შეიძლება ითქვას ივანიშვილის შემდეგ ყველაზე მსხვილი ოლიგარქი, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში დაკავებული იყო ქონების მოხვეჭით ძირითადად საზოგადოების ხარჯზე... ანაბრების თემა შემიძლია გავახსენო საზოგადოებას, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ ოლიგარქების პარპაში და ისინი აღმოჩნდებიან ციხეში”.

“იმედია, ივანიშვილს ცოტა გონიერება ეყოფა და მის მიერ დამშეულ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას არ შეეცდება. იქ, სადაც არ არის არც პური და არც სანახაობა, როგორც წესი, არც დიქტატურა მუშაობს. ამ ქვეყანაში არ არის არც პური და არც სანახაობა და არც დემოკრატია. თუკი ივანიშვილი წავა ამ საბედისწერო ნაბიჯზე, შესაძლოა სულ რამდენიმე თვე გაძლოს... რაც შეეხება გახარიას - მითი მისი ჭკუისა და შესაძლებლობების შესახებ გადამეტებულია. მას ივანიშვილი თავზე გადაახტა 20 ივნისსაც, თავზე გადაახტა პანკისშიც. ივანიშვილმა ორივე შემთხვევაში მას შეტენა პასუხისმგებლობა. გახარია ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის დამნაშავე გამოდის და ამის გამო პასუხი უნდა აგოს. ამიტომ გახარიას დანიშვნა კი არ უშველის ივანიშვილს, კიდევ უფრო დაამძიმებს მის მდგომარეობას. ეს დანიშვნა იქნება ძალიან დიდი შეურაცხყოფა ქართველი საზოგადოების, რომელსაც აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა იმაზე, რომ გახარია არის ივანიშვილი ჯალათი და სისხლის სამართლის დამნაშავე. როგორც 7 ნოემბრის და 26 მაისის გამო პასუხი მოეთხოვა მერაბიშვილს, ასევე მასაც უნდა მოეთხოვოს პასუხი გახარიასაც. მისი გაპრემიერება კი იქნება ერთი-ერთში სააკაშვილის დანაშაულის გამეორება,, რომელმაც ამ დარბევების შემდეგ ვანო მერაბიშვილი გააპრემიერა... როგორ დაამთავრეს სააკაშვილმა და მერაბიშვილმა ვნახეთ. თუ ამას ივანიშვილი არ გაითვალისწინებს, უფრო მძიმედ დაამთავრებს”, - დასძენს ლაშა ჩხარტიშვილი.

თეონა აქუბარდია - “საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ კრახით დასრულდა”

“ერთი მხრივ, ვნახეთ ხელისუფლების გადაწყვეტილება მოეწყოს საგუშაგო და ის რეაქცია, რაც ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საგუშაგოს მოწყობას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მხრიდან მოჰყვა. ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიკავა პრინციპული პოზიცია, ეს მისასალმებელია. ჩვენ ვნახეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შსს-ს, სუს-ის აპარატის უფროსის განცხადებები, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ დონეზე გაანალიზდეს არსებული ვითარება და უსაფრთხოების არსებული გამოწვევები კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ კოორდინირებულად მოხდეს სხვადასხვა ტიპის ქმედებები, აუცილებელია მოხდეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე კონკრეტული ნაბიჯების განხილვა, რომლებიც სხვადასხვა სამთავრობო უწყებებმა კოორინირებულად უნდა განახორციელონ”, - აცხადებს საქართველოს სტრატეგიული ცენტრის” თანადამფუძნებელი თეონა აქუბარდია გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თეონა აქუბარდია: “საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმართ კრახით დასრულდა” / “ჩორჩანას ვითარების განხილვა და გაანალიზება სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე უნდა მოხდეს”.

“შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, მოითხოვს პოლიტიკურ დონეზე პასუხის გაცემას. ვითარება მოითხოვს პირველი პირების აქტიურ მონაწილეობას. ხელკისუფლებას ხშირად საყვედურობენ, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები პასიურობენ, როდესაც ქვეყნის წინაშე დგას უსაფრთხოების გამოწვევები და მნიშვნელოვანია, რომ ერთის მხრივ მოსახლეობამ იგრძნოს თავი დაცულად და მეორე მხრივ რუსეთს, რომელიც აგრესორი ქვეყანაა, არ დავანახოთ ის, რომ ქვეყანაში ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის ერთიანი პოზიცია და იმავდროულად დავანახოთ, რომ ქვეყანა არ არის სუსტი და შეუძლია გაუმკლავდეს ამ ტიპის გამოწვევებს. ძალიან სამწუხაროა ის, რომ უმრავლესობამ 2008 წლის აგვისტოს ომი შეაფასა როგორც სააკაშვილის შეცდომა. ჩვენ ვნახეთ ქალბატონი ხულორდავას განცხადებები, რომელიც ამ სულისკვეთების გაძლიერება იყო. ეს იმ დროს, როდესაც აუცილებელი იყო ერთიანობა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩვენს ხელისუფლებაში უჭორთა იმის აღქმა, რომ რუსეთისთვის მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ხელისუფლებაში - ივანიშვილი, სააკაშვილი, შევარდნაძე თუ გამსახურდია. ამ შემთხვევაში რუსეთის მუდმივი ინტერესია, რომ საქართველოზე მოახდინოს მუდმივი ზეგავლენა და საქართველოს არ ჰქონდეს დამოუკიდებელი პოლიტიკა. მისთვის აბსოლუტურად სულერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში. სამწუხაროდ, ეს შექმნილი რეალობა არ ესმის დღევანდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას და რატომღაც მას ეგონა, რომ ლოიალური მთავრობა, რომელიც წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, არ იქნებოდა აგრესიული რიტორიკით განწყობილი რუსეთის პოლიტიკის მიმართ, იქნებოდა გარანტია, რომ რუსეთი არ განახორციელებდა თავის აგრესიულ პოლიტიკას. ვნახეთ, რომ ხელისუფლების ეს ვარაუდები სრული შეცდომა იყო”, - დაასკვნის თეონა აქუბარდია.

“მიუხედავად იმისა, რომ შეიქმა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატი, ქართული პროდუქცია დაბრუნდა რუსულ ბაზარზე, რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს იმას, რაც დაიწყო 90-იამ წლებში და მისი მიზნები უცვლელია. შესაბამისად, ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკის კრახი. აუცილებელია, რომ პოლიტიკა იყოს გადახედილი იმისთვის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. რუსეთის ინტერესებშია სუსტი ხელისუფლება, რათა მან ადვილად მიაღწიოს თავის გეგმებს. ამიტომ საჭიროა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და ძლიერი პასუხები გამოწვევებზე, რომელიც არსებობს. ეს არის ერთადერთი გზა, რომ გავუმკლავდეთ რუსეთის აგრესიას”, - დასძენს თეონა აქუბარდია და შეკითხვაზე - “საერთაშორისო საზოგადოების დღევანდელი პოზიცია რამდენად არის ვითარებაზე ზეგავლენის მომხდენი?” - პასუხობს:

“საკითხი რუსულ აგრესიასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან არ იყო ისე მწვავედ დაყენებული, როგორც ეს მოითხოვდა, მიუხედავად მათი რეზოლიუციებისა და მხარდაჭერისა... დასავლეთი გარკვეულწილად დაკავებულია საკუთარი პრობლემებით და ის მხარდაჭერა, რომელიც დღეს ქვეყანას სჭირდება არ არის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ არ გააკეთოს თავისი გასაკეთებელი. თავად ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა იყო ასეთი, რომ საქართველო აღარ უნდა ყოფილიყო დასავლეთსა და რუსეთს შორის განხეთქილების საგანი. მაგრამ ფაქტია, რომ ეს პოლიტიკა კრახით დასრულდა... რა თქმა უნდა, რუსულ ოკუპაციას, რუსულ მცოცავ ანექსიას უნდა დავუპირისპირდეთ ჩვენი ერთიანობით. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევით ყველანაირი გზა უნდა იყოს გამონახული იმისთვის, რომ რუსეთმა ვერ მოახერხოს დამატებითი ტერიტორიების მიტაცება და სადღაც უნდა არსებობდეს წითელი ხაზი, სადაც რუსეთი გაჩერდება იმისათვის, რომ ქვეყანამ შეძლოს დემოკრატიულად განვითარება და საკუთარი ეროვნული ინტერესების განხორციელება”