რაჭაში, სოფელ სხვავასა და ფუტიეთში შიდა სასოფლო გზები გაიწმინდა

რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სოფელ ფუტიეთსა და სოფელ სხვავაში, შიდა სასოფლო გზებზე, გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ტერიტორია ბუჩქნარისა და მცირე ზომის ხეებისგან გაიკაფა. ასევე, დაიდგა ურნები, საიდანაც ნარჩენების გატანას შესაბამისი მუნიციპალური ა(ა)იპები უზრუნველყოფენ.
მოსახლეობასთან ერთად აქციაში მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
„შიდა სასოფლო გზების პრობლემა ადგილობრივ მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში გამოიკვეთა. განხორციელებული აქტივობის შედეგად, აღნიშნულ სოფლებში ყველა სახის სატრანაპორტო საშუალება შეუფერხებლად გადაადგილდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























