შიდა ქართლის გუბერნატორი - დილიდან ვერტმფრენები ტყის ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვებიან

გორში, სოფელ საყავრეში, სადაც ტყის ხანძარია, საველე შტაბის მოწყობა მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება შიდა ქართლის გუბერნატორი გიგი ხოჯევანიშვილი.
„სამწუხაროდ, ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, თუმცა, სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, გვეხმარებიან მეზობელი მუნიციპალიტეტები და სახანძრო ჯგუფები თბილისიდან. ვერტმფრენები გათენებისთანავე კვლავ ჩაერთვებიან ხანძრის ქრობის პროცესში, თუმცა, სამუშაოები, ბუნებრივია, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. ამ წუთებში მიმდინარეობს საველე შატბის მოწყობა. აღნიშნული შტაბიდან მოხდება ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ შიდა ქართლის გუბერნატორმა გიგი ხოჯევანიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია 10 სახანძრო და სამი სამაშველო მანქანა, 9 დამხმარე ტექნიკა, 170 მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს.

























