ზესტაფონში ცხრაწყარო-ძლოურდანეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია პირველად მიმდინარეობს

ზესტაფონში ცხრაწყარო - ძლოურდანეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია პირველად მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ძლოურდანეთი ერთ - ერთი სოფელია მუნიციპალიტეტში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა პირველად ხდება.
მათივე ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში 1 კმ - მდე მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა ხდება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს. გზის კეთილმოწყობაზე 235 000 ლარი იხარჯება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „მამისონი“ აწარმოებს.
გზის რეაბილიტაციის პროცესი მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ვიცე მერმა დავით მაღრაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.
რეაბილიტირებული გზით სარგებლობას 500 - მდე ადამიანი შეძლებს. ცხრაწყარო - ძლოურდანეთის გზის რეაბილიტაცია, სატენდერო ვალდებულების მიხედვით 2019 წლის 7 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

























