წალენჯიხაში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 3 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, უკანონო საამქროებიდან, ჯამში, 11 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორი და 5 მ3-მდე წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარია ამოღებული.
უწყების ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ მუჟავაში, ჭალესა და დაბა ჯვარში, ჯამში 4 ერთეული ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სახერხი საამქროს რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებზე , სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე პრიმა მუხლით აწარმოებს.

























