„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საგარეჯოში იმყოფებოდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საგარეჯოში იმყოფებოდა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე საგარეჯოში მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს, უწყლობა ის მთავარი პრობლემაა, რომელზეც საგარეჯოს მოსახლეობა საუბრობს.

„ადგილობრივების განცხადებით, უკვე წლებია უწყლობის პრობლემა აქვთ, მათ წყალი რთული გრაფიკით მიეწოდებათ. როგორც საუბარში ამბობენ, სოფელში უმეტეს შემთხვევაში დაბინძურებული წყალი მოდის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმართავს და მოითხოვს რეაგირებას, რათა წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდეს.

„წლებია უკვე, საგარეჯოში ვერ მოგვარდა წყლის პრობლემა. უამრავი ტენდერი ჩატარდა, 12 მილიონი ლარია დახარჯული საგარეჯოს წყალმომარაგებაზე და ხედავთ, რომ არის უბნები, სადაც ხალხს არ აქვს წყალი. მოიყვანეს მილები, არის ცარიელი მილები და მილებში არ არის წყალი. აი, ეს არის დღევანდელი მთავრობის გაკეთებული საქმე, საქმე, რომელშიც იხარჯება ფული და არ არის შედეგი. ამიტომ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, გამოსავალი გახლავთ უარის თქმა იმ ხელისუფლებაზე, რომელიც ვერ აკეთებს საქმეს და ხალხის პრობლემებს ვერ აგვარებს, მაგრამ სანამ იქნება არჩევნები და მშვიდობიანად გავუშვებთ ამ ხელისუფლებას სახლში, მინდა მივმართო ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ჩააერიოს ამ საკითხში. როდესაც ქალბატონი ცქიტიშვილი იყო პარლამენტში, მან წარმოგვიდგინა, რომ საგარეჯოს წყალმომარაგების პროექტი არის დასრულებული, რაც არ არის სიმართლე. აქ ვარ დღეს საგარეჯოში. მზად ვარ, ჩამოვიდე მინისტრთან ერთადაც და მივიყვანო იმ უბნებში, სადაც მოსახლეობას არ აქვს წყალი. ამიტომ მივმართავ და მოვითხოვ ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან რეაგირებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საგარეჯოში წყალმომარაგების პრობლემაზე საუბარი“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.