გურიაში ავარიისას დაშავებული 12 წლის მოზარდი და 49 წლის ქალი, რომელთა მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ლანჩხუთიდან ქუთაისში გადაიყვანეს

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 12 წლის მოზარდი ლანჩხუთის „მედალფას“ კლინიკიდან ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ხოლო 49 წლის ქალი რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს „მედალფას" დირექტორმა რევაზ კვერენჩხილაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კიდევ სამ დაშავებულს მედიკოსებმა შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და ისინი კლინიკიდან გაწერეს.
„ორი უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი პაციენტი, მათ შორის,12 წლის მოზარდი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ხოლო 49 წლის ქალი რეგიონალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთს ჰქონდა ხელი მოტეხილი. ყველას აღმოვუჩინეთ დახმარება და გავწერეთ კლინიკიდან“, - განაცხადა შპს „მედალფას" ლანჩხუთის კლინიკის დირექტორმა, რევაზ კვერენჩხილაძემ.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ კიდევ სამ პირს, ისინი ფოთის ჰოსპიტალში იყვნენ მოთავსებული, თუმცა არსებული ინფორმაციით, პაციენტები სხვა კლინიკებში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ნიგვზიანთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

























