რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

რუსთავში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს.

აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, გმირულად დაღუპული მეომრების ოჯახის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მემორიალთან შეიკრიბნენ.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მოძღვარმა, მამა გიორგი (ბუაჩიძემ) დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, რუსთაველი გმირების ბიოგრაფიისა და ფოტოების ამსახველი ალბომები გადასცეს.

„დღევანდელი დღე - 8 აგვისტო, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია. ჩვენ პატივს მივაგებთ რუსთავის მკვიდრ სამხედრო მოსამსახურეებს, ოთხ ახალგაზრდა ადამიანს და ასევე ყველას, მეომრებს, გმირებს, ვინც თავი დადო და გასწირა სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის. ამ ომმა ჩვენ დაგვაშორა ქვეყნის გაერთიანების იდეას და ჩვენს ძმებს, მაგრამ ოკუპაცია აუცილებლად უნდა გვაერთიანებდეს ყველას“, - განაცხადა ქვემო ქართლის რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.

დღესვე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და რუსთავის მერმა ქალაქის სასაფლაოზე, აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროების - გიორგი ჯავახიშვილის, კახაბერ თავგორაშვილის, ლევან იოსებიძის, მოგვიანებით კი, თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში, ვახტანგ გზირიშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

,,ჩვენი მთავარი მიზანი, არის ის, რომ მომავალ თაობას გავაცნოთ და არ დავავიწყოთ ის გმირები, რომლებიც ქვეყნის მთლიანობას და ერთიანობას შეეწირნენ. ქართველები აი ამ ფაქტმა, რაც გადავიტანეთ 2008 წელს, უნდა გააძლიეროს, უნდა აღვზარდოთ ახალგაზრდები, ისეთი სულისკვეთებით, რომ ჩვენ გვქონდეს იმედი, იმისა, რომ საქართველოს ერთიანობას მოესწრება მთელი ჩვენი ქვეყანა და ერთად ვიზეიმებთ ამას“,- განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის დედის - მარინა გზირიშვილის განცხადებით, მას სურს მიმართოს სრულიად საქართველოს, რომ არასოდეს დაივიწყონ ომში დაღუპული გმირების სახელები და გვარები.

,,ძალიან მძიმე დღეები გვიდგას ჩვენ - საქართველოს გმირების ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს. ჩვენმა შვილებმა დადეს ფიცი, რომ სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდნენ თავიანთ სამშობლოს და ეს ფიცი, მართლაც, რომ პირნათლად შეასრულეს. მე მინდა სრულიად საქართველოს მივმართო და ჩვენ მომავალ თაობას, რომ არასოდეს დაევიწყებინოთ საქართველოს გმირები, რომლებმაც თავი გასწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, სახელის შენარჩუნებისთვის და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის, ყოველთვის ახსოვდეთ მათი სახელები, მათი გვარები“, - განაცხადა მარინა გზირიშვილმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რუსთაველი სამხედროები, ვახტანგ გზირიშვილი, ლევან იოსებიძე და გიორგი ჯავახიშვილი IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში იბრძოდნენ, ხოლო კახაბერ თავგორაშვილი გულუას სახელობის სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ, ოთხივე ვახტანგ გორგასლის სახელობის ორდენითაა დაჯილდოებული.