ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდში აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა. მემორიალი აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ბადრი ბერანძის შვილმა სამეგრელოს გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასა და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გახსნა.
ცერემონიალს ომში დაღუპული გმირები, ბადრი ბერანძის და სერგეი გოროზიას ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. როგორც ბერანძის მეუღლემ ლინდა გეგეშიძემ აღნიშნა, დღევანდელი დღე არის ტრაგიკული და ამავე დროს საამაყო.
„ქედს ვიხრი ჩვენი ჯარისკაცების წინაშე და იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი საქართველო გამთლიანდება“, - განაცხადა ლინდა გეგეშიძემ.
ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას თქმით, დღევანდელი დღე საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი დღეა.
„ჩვენი გმირების უკვდავსაყოფად გავხსენით მონუმენტი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ ძვირფასი ადამიანების ღვაწლს სამშობლოს წინაშე. მე მინდა ქედი მოვიხარო მათ წინაშე და მადლობა გადავუხადო ღვაწლისა და თავდადებისთვის“, - აღნიშნა შენგელიამ.
გმირების ხსოვნას პატივი მიაგო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამაც.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესია აგვისტოს ომი, როცა ჩვენი ქვეყანა გახდა კიდევ ერთხელ რუსული აგრესიის მსხვერპლი. თითოეული ჩვენგანისთვის არის უაღრესად მტკივნეული, ამავე დროს, ჩვენი ბიჭების მხრიდან მომავალი თაობისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო. რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტი და აგრესორია, რომელიც ეწევა ფარულ და აშკარა ომს“, - განაცხადა გუბერნატორმა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პროექტისთვის 14 984 ლარი გამოიყო.
აგვისტოს ომიდან დღეს 11 წელი გავიდა. ზუგდიდიდან ომს 4 ჯარისკაცი ემსხვერპლა: კაპიტანი კობა სერგია და კაპრალები ბადრი ბერანძე, სერგეი გოროზია და დავით ჯიქია.

























