თორნიკე რიჟვაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.
ამასთან, რიჟვაძე დაღუპული კაპრალის თეიმურაზ ბერიძის ოჯახის წევრებს შეხვდა და გაესაუბრა. ჯარისკაცს მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
„აგვისტოს ომი არის ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში. ჩვენ ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი დავკარგეთ, ბევრი ჯარისკაცი. ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და პრინციპული, თანმიმდევრული პოლიტიკით ეცდება გააერთიანოს ეს ქვეყანა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
2008 წლის აგვისტოს ომში 169 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, აქედან 19 ჯარისკაცი აჭარიდან იყო.

























