ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ ქართველ მწერლებთან შეხვედრა გაიმართება

10 აგვისტოს, ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ მკითხველს ქართველი მწერლები: გიორგი კეკელიძე, ალეკო შუღლაძე და „დამარხული ვაზის“ ავტორები: მალხაზ ჯაჯანიძე და არტურ იურკევიჩი შეხვდებიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L“- დან აცნობეს, ღონისძიებაზე გაიმართება შემდეგი წიგნების წარდგენა: გიორგი კეკელიძე - „სიკვდილი პიცერიაში“, „გურული დღიურები“; ალეკო შუღლაძე - „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“; მალხაზ ჯაჯანიძე, არტურ იურკევიჩი - „დამარხული ვაზი“.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ, ავტორებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან, მათგან ავტოგრაფები აიღონ და ფოტოები გადაიღონ. ღონისძიების ფარგლებში ქართველი მწერლების წიგნები 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
„გიორგი კეკელიძე გამორჩეული წერის მანერითაა ცნობილი, რომელიც მკითხველმა დიდი ხანია შეიყვარა. კეკელიძის იუმორი, წერის მარტივი სტილი ყველასთვის მისაღებია. გარდა იმისა, რომ ღონისძიებაზე პროექტის „იკითხე ქართული“ ფარგლებში გამოსული „გურული დღიერების“ წარდგენა გაიმართება, მკითხველი ავტორის ახალ წიგნს „სიკვდილი პიცერიაში“ გაეცნობა. ამ წიგნის მკითხველი ხან შემზარავი დანაშაულის მოწმე გახდება, ხანაც გამომძიებელი, შეეცდება, კვალი არ დაკარგოს და, მსხვერპლივით, გულუბრყვილოდ არ გაებას ინტრიგის ქსელში.
ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი მწერლის, ალეკო შუღლაძის ახალი რომანი „ქრონიკული დაღლილობის სურნელი“ კი მკითხველს მსუბუქი იუმორისა და ადამიანური გრძნობების პარალელურად, ძალიან ღრმა და ეგზისტენციალურ თემებზე ფიქრს სთავაზობს და უამრავ რამეზე უცვლის წარმოდგენას.
ლატვიელი ჟურნალისტის, არტურ იურკევიჩისა და მალხაზ ჯაჯანიძის წიგნი „დამარხული ვაზი“ კი აფხაზეთის ომს სულ სხვა თვალით დაგანახებთ. აქ ვერ იხილავთ ვერც პოლიტიკას, ვერც ჰეროიზმს. ეს არის სიყვარულით, ტკივილით, სინანულით, მონატრებით დაწერილი წიგნი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























