გორის N9 საჯარო სკოლა პროექტში - #მოვუაროთსკოლას გამარჯვებულია

გორის N9 საჯარო სკოლა პროექტში - #მოვუაროთსკოლას გამარჯვებულია

2 აგვისტოს, ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ ორგანიზებული კონკურსის #მოვუაროთსკოლას ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ პირველ ადგილზე გასული სკოლა დააჯილდოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტში სამი გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა: სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლა, ქუთაისის N17 საჯარო სკოლა და გორის N9 საჯარო სკოლა. კონკურსი სასწავლო წლის დასაწყისში დაიწყო და მასში ფონდის მიერ რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს შეეძლოთ მონაწილეობის მიღება. შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული სკოლა, რომლის ადმინისტრაციამაც მოვლის გრძელვადიანი, თანმიმდევრული გეგმა შეიმუშავა და დანერგა.

„დღეს გორის N9 საჯარო სკოლას ვეწვიეთ და სპეციალური პრიზი, სასკოლო აღჭურვილობა გადავეცით. სკოლამ პროექტში #მოვუაროთსკოლას პირველი ადგილი დაიკავა და ერთ-ერთი საინტერესო მოვლა-პატრონობის კონცეფცია წარადგინა. გვჯერა ის ინვესტიცია რაც ამ და კიდევ სხვა 90 სკოლაში განახორციელა ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, კიდევ უფრო გაძლიერდება თავად სკოლების მხრიდანაც,“- განაცხადა ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლა, რომლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით განხორციელდა და ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა შიდა ქართლში. #მოვუაროთსკოლას კონკურსის ფარგლებში N9 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი და დანერგილი მოვლა-პატრონობის მოდელი ერთ-ერთი გამორჩეულია და სრულად პასუხობს ფონდის მიერ შემუშავებული მოვლა-პატრონობის რეკომენდაციებს. შესაბამისად, იგი კონკურსის გამარჯვებულად დასახელდა.

„ინოვაციური კამპანია #მოვუაროთსკოლას მეორე წელია რაც იმართება და მისი მიზანია, საჯარო სკოლების მიერ შემუშავებული მოვლა-პატრონობის პოლიტიკის წახალისება. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას. #მოვუაროთსკოლას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით ხორციელდება და საქართველოში მსოფლიოში აპრობირებული მიდგომის, მოსწავლეების, პერსონალისა და თემის მიერ საკუთარ სკოლაზე ზრუნვის, დანერგვას ემსახურება. კამპანიის მიზანია სკოლაზე ზრუნვის, მისი დასუფთავების, მოწესრიგების და მოვლის პასუხისმგელობის გაზიარება და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გავრცობა-პოპულარიზაცია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.