სენაკის  მერიის „საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის'' თანამშრომელი ამავე სამსახურის დირექტორის მოადგილეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

სენაკის  მერიის „საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის'' თანამშრომელი ამავე სამსახურის დირექტორის მოადგილეს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ „საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის'' თანამშრომელი მზია გადელია ამავე სამსახურის დირექტორის მოადგილეს დავით ჭითავას სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. როგორც გადელიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ინციდენტი 16 ივლისს მოხდა. მისი მტკიცებით, ჭითავამ მას თანამშრომლების თვალწინ უყვირა და ცდილობდა ოთახიდან გაეყვანა.

„ ჩემი კაბინეტიდან გაყვანა რომ უნდოდა, მეჯაჯგურებოდა და რომ არ გავყევი, ხელი მაგიდაზე დამარტყმევინა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მესამედ დამიპირისპირდა", - აცხადებს გადელია.

მისვე თქმით, ინციდენტიდან ორ დღეში ექიმს მიმართა, რადგან ხელი გაუსივდა.

"სასწრაფო გამოიძახეს, ამავე დროს მოვიდა პოლიციაც. წნევა მაღალი მქონდა, ხელი მოტეხილი არ მქონია, თუმცა ძალიან მქონდა ნატკენი და 19 ივლისს მივმართე ექიმს. საქმე ძიებაშია და ექიმის ცნობაც დაემატება", - განაცხადა გადელიამ.

მზია გადელიას ბრალდებებს დავით ჭითავამ ასე უპასუხა: „ყველამ იცის, გადელია ვინ არის. გამოძიება მიმდინარეობს და ის გასცემს პასუხს კითხვებს. ამ საკითხზე სხვას ვერფერს ვიტყვი, ვინმე ნორმალურზე, რომ იყოს საუბარი უფრო ვრცელ კომენტარს გავაკეთებდი", - აცხადებს ჭითავა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.