პროკურორი ყანდაურაში მომხდარ მკვლელობაზე - საქმეში ახალი მტკიცებულებებია

თელავის რაიონულ სასამართლოში, ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმის წინა სასამართლო სხდომა გაიმართება.
პროცესზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძის ადვოკატი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის ბათილად ცნობას და დაკავებულების გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს.
უფლებადამცველი გილერი ენდელაძე განმარტავს, რომ საქმის მასალებში, როგორც ომარ გამყრელიძის, ასევე მისი შვილიშვილის წინააღმდეგ არც ერთი დასაბუთებული მტკიცებულება არ არსებობს.
პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა კი განაცხადა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობას ის არ დაეთანხმება, რადგან საქმეში არსებობს სხვა ახალი მტკიცებულებები.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება. მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა. 4 ადამიანი სოფელ ყანდაურაში მოკლეს.

























