გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სოფელ ზანავში მოქალაქე დააჯარიმეს

გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბორჯომში, სოფელ ზანავში მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომში სოფელ ზანავში, შეინიშნებოდა დაკვამლიანება. შემთხვევის ადგილზე, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დაუყონებლივ გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ სოფელ ზანავში მშენებარე ქარხნის ეზოში მიმდინარეობდა კონტროლირებადი წვის პროცესი. მოქალაქეების მიერ დანთებულ ცეცხლში იწვებოდა საბურავები და სხვა ქიმიურად მავნე ნარჩენები. მეხანძრე-მაშველებმა ზედაპირული ღია ცეცხლი, რომელიც გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებდა, მისვლისთანავე ჩააქრეს“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რომლებმაც შესაბამისი რეაგირება მოახდინეს და ზედაპირული ღია წვის პროცესის გამომწვევი პიროვნება დააჯარიმეს. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

























