სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები პატიმრობაში დატოვა

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები პატიმრობაში რჩებიან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ დღევანდელ პროცესზე ადვოკატების შუამდგომლობა გირაოსთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა და პროკურატურის პოზიცია გაიზიარა, რომელიც მაღალჩინოსნების პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა. პროკურორებმა განმარტეს, რომ დაკავებულთა შორის რამდენიმეს შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეთ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, საქმის არსებითი განხილვა 6 აგვისტოდან დაიწყება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღევანდელ პროცესზე მაღალჩინოსნების ადვოკატები მათ გათავისუფლებას მოითხოვდნენ. ადვოკატების თქმით, ბრალდებულების დაკავება სადამსჯელო ოპერაცია იყო. თავის მხრივ, პროკურირებმა განაცხადეს, რომ მაღალჩინოსნების გათავისუფლების შემთხვევაში მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე შეიქმნება.

პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის ეგარსლან ლომაძის ადვოკატმა პროკურატურა ქრთამის აღებაში დაადანაშაულა. ადვოკატი რამინ პაპიძე აცხადებს, რომ უკრაინულმა კომპანიამ, რომელიც "იაფი სახლის" ტენდერში გამარჯვებული კომპანის ქვეკონტრაქტორია, თანხა მიითვისა და რომ არ დაეკავებინათ, პროკურატურას ქრთამი გადაუხადა. აღნიშნულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს პროკურორი რამაზ შავაძე. იგი აცხადებს, რომ გამოძიება თანხის მითვისების ეპიზოდზეც მიმდინარეობდა, უკრაინულ კომპანიის დირექტორი კი მაღალჩინოსნების პროცესზე მოწმის სახით გამოიკითხება.

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ საგამოძიებო ორგანომ ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა მაღალჩინოსნები სახელმწიფო თანხის მითვისებასა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავა. საქმე ეხება ე.წ იაფი სახლის პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩავარდა.