რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ხმაური იყო რუსთავის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, თავმჯდომარის ლევან ონიანის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს და უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდეს, მისი ქმედება შეეფასებინათ. კერძოდ, საუბარია სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ინტერვიუს ამსახველ პოსტზე, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ კომენტარზე.
რუსთავის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა, პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატების პოზიცია არ გაიზიარეს და განმარტეს, რომ ლევან ონიანმა სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით ბოდიში საჯაროდ უკვე მოიხადა და ეს თემა ამოწურულია. რუსთავის საკრებულოს დეპუტატის გიგა ჯღარკავას განცხადებით, პოლიტიკურ ჭრილში ამ ყველაფრის გადატანა აბსოლუტურად მიუღებელია. საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ამირან ჯანჯღავას განცხადებით, ლევან ონიანმა ბოდიში მოიხადა, თუმცა რატომღაც არავინ საუბრობს იმ ბულინგზე, რაც თავად საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელდა.
საკრებულოს უმრავლესობის სახელით ვრცელი განცხადება გააკეთა თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ. როგორც მან აღნიშნა, ონიანის კომენტარი იყო დისკრიმინაციული, დასაგმობი და მან ბოდიში საჯაროდ მოიხადა.
,,რაც ბატონმა ლევანმა დაწერა საჯარო სივრცეში თუ მის პირად სივრცეში, ამას არა აქვს მნიშვნელობა, ნამდვილად იყო დისკრიმინაციული და დასაგმობი, მე ამას ვაცხადებ, როგორც ქალური სოლიდარობის, ასევე თანამდებობრივი პასუხისმგებლობით. ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ჩვენ ეს ყველაფერი გუნდთან ერთად გავიარეთ, განვიხილეთ და ბატონმა ლევანმა ბოდიში მოუხადა, არა მხოლოდ ადრესატს, არამედ ბოდიში მოუხადა თავის პოლიტიკურ გუნდსაც. ეს ბოდიში ნამდვილად იყო მოსახდელი და ჩვენ ეს ბოდიში მივიღეთ. ეს ბოდიში მივიღეთ იმიტომ, რომ ბატონ ლევანს აქვს ისეთი დამოკიდებულებები და ისეთი ღირებულებები, რომელიც ჩვენ ვიცით“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძემ.
უმრავლესობის პოზიცია არ გაიზიარა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს სამმა დეპუტატმა. ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, განცხდების გაკეთებისა და უმრავლესობასთან კამათის დასრულების შემდეგ, დღის წესრიგით გათვალისწინებული ძირითადი საკითხების განხილვის დაწყებამდე, საკრებულოს სხდომა, როგორც მათ განაცხადეს, პროტესტის ნიშნად დატოვეს.

























