პრეზიდენტი აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

პრეზიდენტი აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას დაესწრო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, ძირითადად ტურიზმსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.

„აჭარის მთავრობასთან დღევანდელი შეხვედრა საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ ძალიან ბევრი ახალი საინვესტიციო პროექტია რეგიონში. აჭარაში არის მზარდი ტურიზმი, თუმცა ვიცით, რომ დღეს გარკვეული გამოწვევებია. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ის, რომ რეალურად არ შენელებულა ტურიზმი, რომელიც რეგიონისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოვუწოდო, საქართველოში გაატარეთ თქვენი შვებულება“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

თავის მხრივ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი აჭარის უმაღლეს საბჭოში არსებულ მდგომარეობას და ახალ ინიციატივებსაც შეეხო.

„ვისაუბრეთ არა მხოლოდ ტურიზმზე, არამედ ყველა იმ დარგობრივ მიმართულებაზე, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკას გააჩნია. საუბარი შეეხო აჭარის უმაღლეს საბჭოში არსებულ მდგომარეობას, ახალ ინიციატივებს, დღეს არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს“, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.