ზუგდიდში დარეგისტრირებული 434 აბიტურიენტიდან დილის სესიაზე 41 არ გამოცხადდა

ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდები მიმდინარეობს, დარეგისტრირებული 434 აბიტურიენტიდან დილის სესიაზე 41-ით ნაკლები გამოცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ განუცხადა, მათ შორის ექვსი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული აბიტურიენტია.
„უნდა გამოცხადებულიყო 434 აბიტურიენტი, მაგრამ არ გამოცხადდა 41. აფხაზეთიდან გუშინ გადმოვიდა 6 აბიტურიენტი, რომელიც ესწრება დილის სესიას და არ ვიცი 13.00 საათისთვის ვინ მოვა. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ არიან ბავშვები, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ ენგურის ხიდზე გადმოსვლას“, - აცხადებს ნანა ქირია.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიიდან აბიტურიენტები ზუგდიდში გადმოსასვლელად ნებართვას ელოდებიან. ენგურის ხიდზე მიმოსვლა ამ დრომდე შეზღუდულია. გადაადგილება მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და ექიმის ცნობის მქონე პირებს შეუძლიათ.

























