რუსთავის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავის საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავის საჯარო სკოლებში შიდა და გარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საჯარო სკოლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ირაკლი ტაბაღუამ, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მე-3, მე-11, 24-ე, მე-18, მე-20 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ქალაქის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის ტემპი დადებითად შეაფასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, ხარისხთან დაკავშირებით, გარკვეული რეკომენდაციები მისცა.

რუსთავის საჯარო სკოლებმა, ქალაქის მერიას, კონკრეტული პროექტები წარუდგინეს, წარდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან, პრიორიტეტულები შეირჩა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

„#3 საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზისა და გასახდელების რეაბილიტაცია, #11 საჯარო სკოლაში დერეფნებისა და სანიტარული კვანძების, #24-ე საჯარო სკოლაში სპორტული დარბაზისა და სველი წერტილების, #20 სკოლაში სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია, #18-ე საჯარო სკოლაში, კი ტერიტორიის შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე იგეგმება.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსთავის მერიის ცნობით, მიმდინარე წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, 20 საჯარო სკოლაში განხორციელდება, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან, 1 675 962 ლარია გათვალისწინებული.