აჭარის მთავრობა ტურისტულ სექტორს მხარდაჭერას უცხადებს

აჭარის მთავრობა ტურისტულ სექტორს მხარდაჭერას უცხადებს

აჭარაში ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად რუსეთის ტურისტული ემბარგოს შედეგად, ტურისტულ სექტორში არსებული გამოწვევები და მათი მოგვარების გზები განიხილა.

შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან პრობლემებთან ერთად გაჟღერდა მოთხოვნები ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციასთან, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს როგორც, უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის განმტკიცებასთან და სამიზნე ბაზრებზე ეფექტური მარკეტინგული კამპანიების განხორციელებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი მიზანია სექტორთან ერთად შევაფასოთ არსებული გამოწვევები და მათი ინიციატივების გათვალისწინებით დავგეგმოთ ნაბიჯები, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს რუსეთის მიმართულებიდან რეისების გაუქმებით გამოწვეული შესაძლო ზარალის მინიმუმამდე დაყვანას“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

სექტორთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად გააგრძელებს აქტიურ სარეკლამო კამპანიებს, რაც ითვალისწინებს სატელევიზიო რეკლამებს ისეთ საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე, როგორებიცაა BBC, Euronews, CNN, Deutsche Welle, National Geographic და Travel Channel, ასევე გარე რეკლამასა და აქტიურ ონლაინ რეკლამას, სამიზნე ქვეყნებიდან პრეს და ინფოტურების ორგანიზებას.

ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე სულხან ღლონტი, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.