რუსეთის დუმის დეპუტატების დეპორტაციის მოთხოვნით აქცია გორშიც გაიმართა

რუსეთის დუმის დეპუტატების დეპორტაციის მოთხოვნით აქცია გორშიც გაიმართა. სამოქალაქო სექტორის და პოლიტიკური პარტიების ოცამდე წარმომადგენელი ქალაქის ცენტრში, იმ შენობასთან შეიკრიბა, რომლის კედელსაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის კვალი დღემდე ემჩნევა.
,,არა ოკუპაციას“, ,,სირცხვილია“, ,,საპატრიარქო, დადექი ოკუპაციის წინააღმდეგ“, ,,დაგმე მტერი“, - ამ პლაკატებით შეკრებილებმა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომაზე რუსი დეპუტატების დასწრება და სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს.
,,სირცხვილია, მე ხელში მიკავია ტრანსფარანტი წარწერით - ,,ვინ დასვა გავრილოვი“, სწორედ ამ კითხვაზე პასუხს ვითხოვთ, რატომ გადაადგილდებიან თავისუფლად ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატები და უფრო მეტიც - როგორ დაიკავა ერთ-ერთმა მათგანმა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის სავარძელი“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამარ თედლიაშვილი.

























