რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა ბათუმშიც გააპროტესტეს

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტში ყოფნა ბათუმშიც გააპროტესტეს. მოქალაქეები საპროტესტო აქციას ევროპის მოედანზე მართავენ და აცხადებენ, რომ სერგეი გავრილოვი ოკუპანტ ქვეყანას წარმოადგენს, რომელიც პირადად აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას.
აქციის მონაწილეების თქმით, სერგეი გავრილოვი აფხაზეთის ომის მონაწილეა. ბათუმში მიმდინარე აქციაზე, მოქალაქეებმა მომხდარში ხელისუფლება დაადანაშაულეს, ისინი მოითხოვენ, რომ რუსი დეპუტატების დეპორტაცია დაუყოვნებლივ განხორციელდეს და ასევე პოლიტიკუტი პასუხსიმგებლობის აღება მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია საქართველოს პარლამენტში დღეს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან" სერგეი გავრილოვმა რუსულ ენაზე გახსნა. აღნიშნული ასამბლეის ჩატარებას ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები პარლამენტის ტრიბუნასთან ავიდნენ და საკანონმდებლო ორგანოში რუსი დეპუტატების ყოფნა გააპროტესტეს. მას შემდეგ, რაც ხმაურმა სასესიო დარბაზიდან ფოიეში გადაინაცვლა და პროტესტს სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ, საპარლამენტო უმრავლესობამ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხვა ლოკაციაზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

























