გორის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

გორში ქუჩების რეაბილიტაცია ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების ხელმძღვანელთან გიგა ბერიძესთან ერთად დაათვალიერა.
„ქალაქში საკმაოდ ბევრი ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდება, დავათვალიერეთ და ყველა მათგანი გეგმის მიხედვით, დროულად დასრულდება”, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მერიის ინფორმაციით, სუხიშვილის ქუჩაზე უკვე დასრულდა სამუშაოები და ის პრობლემა, რაც ადგილობრივებს წლების მანძილზე აწუხებდათ, აღარ შეაწუხებთ. რამოდენიმე დღეში დასრულდება შიო მღვიმელის ქუჩის 150 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, მდინარე მეჯუდის სანაპიროზე. დაწყებულია სამუშაოები ქეთევან წამებულის ქუჩის მონაკვეთზეც, ამ მონაკვეთზე საკანალიზაციო სისტემაც გამოიცვლება, რომელიც ძალიან მოძველებული იყო და პრობლემებს ქმნიდა.
სამუშაოები მიმდინარეობს ქუთაისის, მელიქიშვილის, ყოფიანის ქუჩებზეც. როგორც მერიაში აცხადებენ წლის ბოლოს, მოსახლეობას რამოდენიმე ახლად რეაბილიტირებული ქუჩით სარგებლობა შეეძლება.

























