ქუთაისში, კორპუსში აფეთქების შედეგად დაზარალებულებს მერია დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრით დაზარალებული ოჯახები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოინახულა. ის ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
ქუთაისის მერის განცხადებით, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. იმ ოჯახებს კი, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, ქალაქის მერია დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანს.
ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში, აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრით 7 ადამიანი დაშავდა. ცეცხლი ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის მე-2 სართულზე გაჩნდა. ხანძრის ქრობაში 30-მდე მეხანძრე-მაშველი და 10-მდე სახანძრო და სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული.

























