ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლების ნაწილი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უპირისპირდებიან

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის ხაშურის მონაკვეთზე დასაქმებული მძღოლების ნაწილი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უპირისპირდებიან და სახელფასო ანაზღაურებას ითხოვენ.
ავტობანის მშენებლობაზე საკუთარი ტექნიკით დასაქმებულმა 11-მა მძღოლმა ცოტა ხნის წინ ჩინური კომპანია „სინო ჰიდროს“ ოფისისკენ მისასვლელი გზა ჩაკეტა და კომპანიის ხელმძღვანელობისგან შესრულებული სამუშაოსთვის დაპირებული თანხა მოითხოვა.
აღნიშნული ტექნიკის მეპატრონეები აცხადებენ, რომ მათთან კომპანიას ოფიციალური კონტრაქტი არ გაუფორმებია და შესასრულებელ სამუშაოსა და ანაზღაურებაზე სიტყვიერი შეთანხმება შედგა.
აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტამდე მათ კომპანიის ხელმძღვანელობასთან დიალოგი სცადეს, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ თანხის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელი „სინო ჰიდროს“ კონტრაქტორი აზერბაიჯანული კომპანია და მისი ხელმძღვანელი ბელა მუსტაფაევაა.
ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები ჩინურ კომპანიას და მის აზერბაიჯანელ კონტრაქტორსაც თაღლითობაში ადანაშაულებენ.
ამ წუთებში 11 მძღოლი და კომპანიის წარმომადგენლებიც ხაშურის პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

























