აჭარაში დაკავებული მაღალჩინოსნებისთვის პატიმრობის შეფარდებას, სასამართლოს დარბაზში ხმაური მოჰყვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბრალდებულების ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. ოჯახის წევრებმა დაკავებულთა უდანაშაულობაზე ისაუბრეს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. როგორც პროკურორებმა განაცხადეს, დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდების მხარის პოზიცია გაიზიარა.
დაცვის მხარის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ დაკავებულთა წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, ისინი ბრალდებულების მიმართ გირაოს შეფარდებას მოითხოვდნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები. კერძოდ, დაკავებულები არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმის მერიის და სამინისტროების თანამშრომლები: ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.

























