პროკურატურა ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

აჭარის პროკურატურა ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც პროკურორმა რამაზ შავაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, არსებობს გარემოება, რომ ბრალდებულებმა მტკიცებულებები გაანადგურონ და მიიმალონ.
პროკურორის რამაზ შავაძის თქმით, ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძესა და ბათუმის მერიის თანამშრომელ ეგარსლან ლომაძეს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ პირებს გამოძიება ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვასა და მითვისებას ედავება.
შეგახსენებთ, რომ ასევე დაკავებული არიან ბათუმის მერიის ოთხი თანამშრომელი, რომელებსაც გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანი დაკავებული მაღალჩინოსნების მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.

























