თორნიკე რიჟვაძე - განათლება არის სწორედ ის გზა, რომელიც შეგვაძლებინებს ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გაართვას თავი ყველა იმ გამოწვევას, რომლებიც გვაქვს

აჭარის მთავრობის სხდომაზე, რომელიც დღეს გაიმართა, მთავრობის თავმჯდომარემ ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვნად გაიზრდება დაფინანსება.
როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რეგიონული ცენტრის ძირითადი ფუნქცია იქნება ახალგაზრდების ხელშეწყობა და მათი ჩართულობა ინოვაციურ და საერთაშორისო პროექტებში.
„ცენტრის ძირითადი ფუნქციები გახლავთ ახალგაზრდული ეკონომიკის, ინოვაციური პროექტების და ასევე, არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. ბუნებრივია, ის საერთო იდეა, ეროვნული იდეა, რომელიც ემსახურება განათლების მიმართულებით როგორც საბიუჯეტო რესურსების გაზრდას, ასევე განათლების მიმართულებით რეფორმების მთელ ტალღას, პირველ რიგში ახალგაზრდებს უნდა შეეხოთ.
განათლება არის სწორედ ის გზა, რომელიც შეგვაძლებინებს ჩვენმა ქვეყანამ წარმატებით გაართვას თავი ყველა იმ გამოწვევას, რომლებიც გვაქვს,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტები საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად, რომლებიც ეხება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და დამატებითი ვადის მიცემის წესის განსაზღვრას. აჭარის მთავრობის ცნობითვე, მისი მიზანია დაამკვიდროს ერთიანი მიდგომა და წესები იმ ინვესტორების მიმართ, რომლებსაც აქვთ ნაკისრი ვალდებულება საინვესტიციო საქმიანობის განსახორციელებლად. ასევე იმსჯელეს ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის განხორციელებაზე.
მთვარობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ტურიზმის მნიშვნელობას რეგიონის ეკონომიკისთვის და ისაუბრა ზაფხულის სეზონისთვის დაგეგმილ სიახლეებზე. წელს აჭარაში შეიქმნა სეზონის მაკოორდინირებელი საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ინფრასტრუქტურულ, სერვისთან დაკავშირებულ და უსაფრთხოების საკითხებზე.
„წელს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული პროექტები გვაქვს დაგეგმილი, რომლებიც კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას შემატებს ტურისტულ სეზონს. ეს იქნება განახლებული ბულვარი, ადაპტირებული ინფრასტრუქტურა, გაძლიერებული უსაფრთხოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბათუმელებისთვის, ისე ტურისტებისთვის.
ჩვენი ამბიცია არის, რომ 2,5 მლნ ტურისტი მოვიზიდოთ მხოლოდ აჭარაში და ეს იქნება 20% ზრდის შენარჩუნება და ყოველ წელს ჩვენ ეს დინამიკა უნდა გავაძლიეროთ,” - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ამასთან აჭარის მთვრობის თავმჯდომარე სხდომაზე შეეხო დაკავების ფაქტს, მიმართა საჯარო მოხელეებს, ისაუბრა სეზონის დახვედრასთან დაკავშირებით, შეაფასა ხულოს არჩევნები.
დღევანდელ სხდომას მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.

























