„ნაცმოძრაობის“ წევრები ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ

ფრაქცია "ნაციონალური" მოძრაობის" წევრები ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვნას ითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის მიუღებელია მმართველი გუნდის წევრის ნანა კოსტავას ფეისბუქ გვერდზე გავრცელებული პოსტი და მან საკრებულო უნდა დატოვოს.
"მიუღებელია ნანა კოსტავას პოსტი, რამაც საზოგადოების სამართლიანი განაწყენება გამოიწვია. ვინაიდან, ეს არ არის პირველი შემთხვევა ნანა კოსტავასგან და მსგავსი საკითხების ტირაჟირება ხდება, ამიტომ მივმართავთ საკრებულოს დაინიშნოს რიგგარეშე სხდომა და შეუწყდეს უფლებამოსილება. საკრებულოს გადაწყვეტილება ნანა კოსტავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, არის მცდელობა, ეს საპროტესტო ტალღა როგორღაც გადააგორონ, რეალურად ნანა კოსტავა რჩება მათი გუნდის წევრად და თანამოაზრეები არიან", - განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ.
ნანა კოსტავამ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ნანა კოსტავას დაკავებული თანამდებობიდან გადაყენებას წინ უძღოდა ქუთაისში მოქმედი მედიის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია. ჟურნალისტებმა ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის შემცველი განცხადებები დაგმეს და საკრებულოს შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდეს.

























