გორის მერიის თასზე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა

გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის სკოლის დარბაზში, გორის მერიის თასზე ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მოასპარეზე 2004-2005 და 2006-2007 წლებში დაბადებულ სპორტსმენებთან ერთად უკრაინის ქალაქ ვასილკოვოს საჭიდაო სკოლის აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ.
მათივე ინფორმაციით, ტურნირის მონაწილეები და გამარჯვებულები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და ვასილკოვოს მერის მოადგილემ ვლადიმერ გურეევმა მედლებით, თასებითა და სიგელებით დააჯილდოეს.
უკრაინელი ძიუდოისტები ვასილკოვოს მერთან, განათლების განყოფილების ხელმძღვანელთან და მთავარ მწვრთნელთან ერთად გორში უკვე ერთი კვირაა იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში ახალგაზრდებმა გორელ სპორტსმენებთან ერთობლივი ვარჯიშები ჩაატარეს, გორის ღირშესანიშნაობებს გაეცნენ და 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებსაც დაესწრნენ. უკრაინელთა ვიზიტი გორისა და ვასილკოვოს მუნიციპალიტეტებს შორის არსებული მემორანდუმით გათვალისწინებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
გორის მერიის ინფორმაციით, პროგრამა გასულ წელს დეკემბრის თვეში დაიწყო, როცა ვასილკოვოში 2004 – 2008 წლებში დაბადებული 10 გორელი სპორტსმენი იმყოფებოდა და ერთობლივ წვრთნებთან ერთად სპორტულ ტურნირშიც მონაწილეობდნენ, საიდანაც 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდნენ.

























